Facebook Twitter

ბს-586-565(კს-10) 21 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – ნ. გ-ია, გ. მ-შვილი, წარმომადგენელი _ მ. A-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ფოთის მერია

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 აპრილს მოსარჩელეებმა _ ნ. გ-იამ და გ. მ-შვილმა (წარმომადგენელი _ მ. ა-ძე) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს შპს “...” და ქ. ფოთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის 2005 წლის 8 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-იასა და გ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-იამ და გ. მ-შვილმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით, აპელანტებს _ ნ. გ-იასა და გ. მ-შვილს განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან სახელმწიფო ბაჟის _ 5000-5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისათვის.

2010 წლის 26 მარტს ნ. გ-იამ, ხოლო 2010 წლის 29 მარტს გ. მ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინეს განცხადებები, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვეს. მათ სასამართლოში ასევე წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; კერძოდ, ნ. გ-იამ – 430 ლარის ოდენობით, ხოლო გ. მ-შვილმა _ 120 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. გ-იასა და გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

შააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. იმ შემთხვევაში თუ აპელანტს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა სასამართლოს უნდა წარუდგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები. აღნიშნულ შემთხვევაში კი, აპელანტების მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ხელფასის შესახებ და განცხადებას არ ერთვოდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აპელანტებს ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნდათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. გ-იამ და გ. მ-შვილმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე, თუმცა ამავე საჩივრით აპელანტებმა იშუამდგომლეს საქმის განხილვამდე სახელმწიფო ბაჟის გადადების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული შუამდგომლობა და აპელანტებს ხერვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განუსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის 5000-5000 ლარის ოდენობით გადახდის 10-დღიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ხელფასის გარდა, მათ არ გააჩნიათ არც ბიზნესი და არც რაიმე სახის სხვა ქონება, შესაბამისად მათ არ შუეძლიათ გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი _ 5000-5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და საპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ნ. გ-იას და გ. მ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. გ-იას და გ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. გ-იას და გ. მ-შვილს დაევალათ ხარვეზის შევსება, კერძოდ მათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის, თითოეულს _ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; მათ ასევე განემარტათ, რომ წიმნააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო, სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა.

ნ. გ-იამ და გ. მ-შვილმა 2010 წლის 26 და 29 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადებები, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვეს. მათ სასამართლოში ასევე წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; კერძოდ ნ. გ-იამ _ 430 ლარის ოდენობით, ხოლო გ. მ-შვილმა _ 120 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს; ამასთან, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, იმპერატიულად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორთა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან/და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი ცნობები ხელფასის შესახებ არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას და ვერ განსაზღვრავს მათ ქონებრივ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ნოდარ გერსამიას და გ. მ-შვილის მიერ არ იქნა შესრულებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებაში აღნიშნული მოთხოვნები, მათი სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ-იას და გ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-იას და გ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.