ბს-599-578(კს-10) 8 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. დ-ძისა და ი. რ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. რ-ძის, ლ. გ-შვილის, მ. ვ-იანის, თ. ლ-ურის, ნ. მ-შვილისა და მ. ტ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულება მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში. ი. რ-ძეს, ლ. გ-შვილს, მ. ვ-იანს, თ. ლ-ურს, ნ. მ-შვილსა და მ. ტ-ძეს აუნაზღაურდათ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 5 სექტემბრამდე იძულებითი ყოფნის პერიოდის ხელფასი, გათავისუფლების მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე 2010 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კრედიტორების: ი. რ-ძის, ლ. გ-შვილის, მ. ვ-იანის, თ. ლ-ურის, ნ. მ-შვილისა და მ. ტ-ძის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2010 წლის 26 თებერვალს ნ. დ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მისი გვარის _ მ-შვილის შეცვლა დ-ძით, რადგან შეიცვალა გვარი და ატარებს გვარს _ დ-ძეს. Mმანვე მიუთითა, რომ მ-შვილი და დ-ძე ერთი და იგივე პიროვნებაა.
2010 წლის 1 მარტს სააპელაციო პალატას ასევე მიმართა ი. რ-ძემ და მოითხოვა მის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორ ი. რ-ძის ნაცვლად მიეთითოს ი. რ-ძე.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. დ-ძის და ი. რ-ძის განცხადებები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” 124-ე მუხლი და განმარტა, რომ მონაცემები კრედიტორის შესახებ სააღსრულებო ფურცელში შეტანილ უნდა იქნეს საქმეში არსებული მონაცემების მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაში განმცხადებლები დასახელებულნი არიან როგორც: ნ. მ-შვილი და ი. რ-ძე. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში ისინი შეტანილ უნდა იქნენ გადაწყვეტილებაში მათ შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით და სააღსრულებო ფურცლეში შესწორების შეტანა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის გარეშე, დაუშვებელია. სასამართლო აქტში შესწორების შეტანის საფუძველი კი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა /იხ.ს.ფ. 41-44/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. დ-ძემ და ი. რ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება:
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 260-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა გაესწორებინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა /იხ.ს.ფ. 65-68/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. დ-ძისა და ი. რ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. რ-ძის, ლ. გ-შვილის, მ. ვ-იანის, თ. ლ-ურის, ნ. მ-შვილისა და მ. ტ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილსისი მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულება მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში. ი. რ-ძეს, ლ. გ-შვილს, მ. ვ-იანს, თ. ლ-ურს, ნ. მ-შვილსა და მ. ტ-ძეს აუნაზღაურდათ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 5 სექტემბრამდე, იძულებითი არყოფნის პერიოდის ხელფასი, გათავისუფლების მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 20.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 260.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას _ შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ, მაშინ, როცა კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანას.
კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, რომელზედაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მხარეებს წარმოადგენდნენ ი. რ-ძე და ნ. მ-შვილი /იხ.ს.ფ. 17/, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცა სწორედ გადაწყვეტილების საფუძველზე, კრედიტორების _ ი. რ-ძისა და ნ. მ-შვილის სახელზე /იხ.ს.ფ. 3, 16/. იმ პირობებში, როცა განმცხადებლებს არ მოუთხოვიათ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა, სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის გარეშე, პროცესუალურად დაუშვებელია, რამდენადაც სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას და იგი სრულად უნდა იმეორებდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახულ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაში სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე შესწორების შეტანის გზით არის დასაშვები გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა არ მოუთხოვიათ და ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მხარეთა მოთხოვნის გარეშე, შესწორება შეეტანა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმე ნაწარმოებია სწორედ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორების _ ი. რ-ძისა და ნ. მ-შვილის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. რ-ძისა და ნ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-ძისა და ნ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.