Facebook Twitter

¹ბს-610-605(კს-11) 19 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ბ.”

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 20 აგვისტოს შპს “ბ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2010 წლის 5 მაისის ¹04-02/1722 ბრძანების, 2010 წლის 19 მაისის ¹5 „საგადასახაო მოთხოვნის“, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის ¹808 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.

2011 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუალდგომლობით მიმართა შპს „ბ.-მ“, რომელმაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს “ბ.-ის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს “ბ.-ს” ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამასთან სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის მიერ გზავნილის ჩაბარება ითვლება აპელანტის მიერ გზავნილის ჩაბარებად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება 2011 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 მარტს და 2011 წლის 7 მარტს ამოიწურა.

ასევე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება, ხოლო ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაჩვებობას. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ბ.-მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართომ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე მიიღო განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ბ.-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ ხერხდება მისი მწვავე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მისი ქონების შეზღუდული უფლებით სარგებლობის გამო, ვინაიდან, შპს „ბ.-ის“ ქონებაზე თელავის რეგიონული ცენტრის მიერ უკანონოდ დარიცხული გადასახადების გამო წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ამასთან საწარმოს სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი აქვს ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზეც 2011 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით წარდგენილია საინკასო დავალება თანხით – 82753.38 ლარი (სს „... ბანკის“ ცნობა ¹124/31) და საწარმოს ანგარიშზე ამონაწერის მიხედვით საბოლოო ნაშთი 0 ლარია.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირს თანხის უქონლობის გამო არ უნდა წაერთვას მის მიმართ დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის უფლება, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “ბ.-ის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 17 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და შპს “ბ.-ს” ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 7 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ 7 დღის ვადაში უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. შპს “ბ.-მ” შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტის _ შპს “ბ.-ის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს “ბ.-ს” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 5 Dდღით გაუგრძელდა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი შპს “ბ.-ის” წარმომადგენელმა _ ს. ნ.მ 2011 წლის 27 თებერვალს პირადად ჩაიბარა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი მისი ხელმოწერით დასტურდება (ტ. II; ს.ფ. 21). ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 28 თებერვლიდან, აპელანტს აღნიშნული განჩინებით დაწესებული ხარვეზი უნდა შეევსო 2011 წლის 4 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ შპს “ბ.-ს” სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივად კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ ფაქტზე მითითებას, რომ შპს “ბ.-მ” შუამდგომლობა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად კი, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა გააგრძელა, ხოლო ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, 2011 წლის 14 მარტის განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა. შპს “ბ.-ის” შუამდგომლობისა და საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო უტყუარი მტკიცებულებები აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის _ შპს “ბ.-ის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, ვინაიდან აპელანტმა _ შპს “ბ.-მ” არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში, აღნიშნული წარმოადგენდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. მ.-ს შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარის ოდენობით (ტ. II; ს.ფ. 35-36). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე - 50 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ.-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინება; ა. მ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ შპს “ბ.-ის” კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.