¹ბს-63-62(კს-11) 20 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო
საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.10წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჩ-მა 18.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.10წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.10წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.
ა. ჩ-მა 27.09.10წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინებით აპელანტ ა. ჩ-ს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
ა. ჩ-მა 08.10.10წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იმ მოტივით, რომ არის პატიმარი, ავადმყოფი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.10წ. განჩინებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინების ასლი აპელანტს 09.10.10წ. ჩაბარდა, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 15.10.10წ. ამოიწურა, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ა. ჩ-ის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს პატიმარს, ავადმყოფს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სახის ანაზღაურება ან შემოსავალი და არ გაათავისუფლა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებზე, რომლის თანახმად, გარანტირებულია სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიერ ვერ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ შეიძლება უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის განხილვაზე. ამასთან, მისი სააპელაციო საჩივარი ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორსაც წარმოადგენს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს 23.04.10წ. განცხადებით, ხოლო 07.05.10წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ა. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ა. ჩ-ი დაავადებულია ,,ც” ჰეპატიტით და კარდიოლოგიური ავადმყოფობით, მას არ ჩატარებია ადეკვატური მკურნალობა და სათანადო გამოკვლევები. ა. ჩ-ის წარმომადგენელი მარწმუნებლისათვის სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას ითხოვდა. ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ა. ჩ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაზე გათვალისწინებულია პატიმრობის კოდექსის მე-14, 24-ე, 119-ე, 120-ე მუხლებით. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანს შეადგენს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მოთხოვნა, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება და შესაბამისად, მითითებული ნორმის საფუძველზე ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას.
დავის საგნის, კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, შესაბამისად, ა. ჩ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.10წ. განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ა. ჩ-ი გათავისუფლდეს კერძო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.