ბს-655-633(კს-10) 27 ივლისი, 2010 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ვ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. ვ-შვილმა სარჩელი აღძრა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს მიმართ, III პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაწილეობით და მოითხოვა საწარმოო ტრავმის გამო პენსიის აღდგენა /იხ.ს.ფ. 1-7/.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ. 41/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 86-91/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ავთანდილ ვერულაშვილმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 102-112/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ა. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ა. ვ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 28 იანვარს (ს.ფ. 95). გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ა. ვ-შვილისათვის ამოიწურა 2010 წლის 11 თებერვალს, 24 საათზე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კი წარდგენილია 2010 წლის 10 მარტს, ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 102). საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2010 წლის 4 მარტს (ს.ფ.118), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 369.1 მუხლი და მიიჩნია, რომ ა. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას კანონით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო (იხ.ს.ფ. 121-122).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ვ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 25 თებერვალს მეზობლის ბავშვის _ 12 წლის ლ. ბ-შვილის მიერ, რის შემდეგაც მან კანონით გათვალისწინებული 14 დღის ვადაში, 2010 წლის 4 მარტს, თერჯოლის ფოსტაში ჩააბარა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარსადგენად, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2010 წლის 10 მარტს. ამდენად, მას არ დაურღვევია სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება, კონკრეტულ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 25 თებერვალს, ნაცვლად 28 იანვრისა, როგორც ეს განჩინებაშია აღნიშნული /იხ.ს.ფ. 129-130/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ვ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ა. ვ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 28 იანვარს (ს.ფ. 95). გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ა. ვ-შვილისათვის ამოიწურა 2010 წლის 11 თებერვალს, 24 საათზე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კი წარდგენილია 2010 წლის 10 მარტს ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 102). საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2010 წლის 4 მარტს (ს.ფ. 118), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 25 თებერვალს მეზობლის ბავშვის _ 12 წლის ლ. ბ-შვილის მიერ, რის შემდეგაც მან კანონით გათვალისწინებული 14 დღის ვადაში, 2010 წლის 4 მარტს, თერჯოლის ფოსტაში ჩააბარა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარსადგენად.
საკასაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან ზემომითითებული გარემოების გამოკვლევის მიზნით გამოთხოვილ იქნა მტკიცებულება, კერძოდ, კურიერის უწყისები, იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ ვის და როდის ჩაჰბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი. წარმოდგენილი კურიერის უწყისით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაჰბარდა ა. ვ-შვილს 2010 წლის 28 იანვარს, როგორც ეს გზავნილზეა აღნიშნული /იხ.ს.ფ. კურიერის გზავნილის რეესტრი/.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქალაქო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ა. ვ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 28 იანვარს /იხ.ს.ფ. 95/. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კი წარდგენილია 2010 წლის 10 მარტს ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 102). საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2010 წლის 4 მარტს (ს.ფ. 118), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ა. ვ-შვილის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ვ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ვ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.