Facebook Twitter

¹ბს-657-651(კს-11) 27 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ბ-იანის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 18 აპრილის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ბ-იანის კერძო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით გ. ბ-იანს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2011 წლის 11 მაისს გ. ბ-იანმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და მოსამართლის აცილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით გ. ბ-იანის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ბ-იანის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა. კერძო საჩივრის ავტორ გ. ბ-იანს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გ. ბ-იანს, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... ქ. კორპ. 3, ბინა 8) ჩაჰბარდა 2011 წლის 27 მაისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2011 წლის 28 მაისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 1 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-იანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს გ. ბ-იანის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;