Facebook Twitter

ბს-666-644(კს-10) 8 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) სსიპ შემოსავლების სამსახური; 2)ბათუმის რეგიონული ცენტრი; 3) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 23 ოქტომბერს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ბათუმის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს აქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 3 სექტემბრის ¹3075 ბრძანებისა და 2008 წლის 4 სექტემბრის ¹108 “საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლების წარუდგენლობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შპს “...” კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა, თუმცა მითითებულ მისამართზე ადრესატის არ ყოფნის გამო გზავნილი დაუბრუნდა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 11 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინება შპს “...” წარმომადგენელს ლ. მ-ძესაც გაეგზავნა და 2010 წლის 12 მარტს მის მეუღლეს _ ზ. გ-ძეს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 14 დღე, შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ბაჟის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივრის სათანადო ასლები) სასამართლოში 2010 წლის 27 მარტამდე წარედგინა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლები აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით დადგენილი საპოცესო ვადის გასვლის შემდეგ _ 2010 წლის 29 მარტს წარუდგინა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბაჟი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში იყო გადახდილი, ხარვეზის ვადაში შევსებად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით აპელანტს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო საჩივრის ასლები სასამართლოსათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ანუ 2010 წლის 27 მარტამდე უნდა წარედგინა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2010 წლის 25-26 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი მკურნალობას გადიოდა ,,... სტაციონალურ განყოფილებაში”, რის გამოც მან სახელმწიფო ბაჟი სხვისი მეშვეობით გადაიხადა, ხოლო საბუთების წარდგენა საავადმყოფოდან სასამართლოში ვერ მოახერხა. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის 27-28 მარტი იყო შაბათ-კვირა, კერძო საჩივრის ავტორმა შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს 2010 წლის 29 მარტს წარუდგინა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მართალია ხარვეზის შესახებ განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენას ითვალისწინებდა, მაგრამ მთავარ საკითხს ხარვეზის ვადაში შევსების ფაქტი ანუ სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოადგენდა, რაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2010 წლის 25 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში განხორციელდა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1981 წლის 14 მაისის 68-ე სხდომის ¹ღ/(81)7 რეკომენდაციის ,,დ” პუნქტის მე-12 ქვეპუნქტზე.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაშვება საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო გამოწვეული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივრის ასლები. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და შპს “...” ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 14 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი შპს “...” წარმომადგენელს ლ. მ-ძეს 2010 წლის 11 მარტს გაეგზავნა (ტ. II, ს.ფ. 144) და 2010 წლის 12 მარტს მის მეუღლეს _ ზ. გ-ძეს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 145).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს “...” მეორე წარმომადგენელმა დ. ა-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივარი, თანდართული ასლებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტს წარუდგინა (ტ. II, ს.ფ. 146).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს “...” წარმომადგენლის ლ. მ-ძის მეუღლეს _ ზ. გ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი 2010 წლის 12 მარტს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 145), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 13 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადა 2010 წლის 26 მარტის (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “...” ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, თანდართული დოკუმენტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით წარუდგინა (ტ. II, ს.ფ. 146). ამასთან, შპს “...” წარმომადგენელი კერძო საჩივარში არ უარყოფს ხარვეზის შესავსებად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით დადგენილი ვადის გაშვების ფაქტს (ტ. II, ს.ფ. 155).

საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს კერძო საჩივრის ავტორის თხოვნას ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ¹279 ცნობაზე, რომლის თანახმად პაციენტი დ. ა-ძე სტაციონარიდან 2010 წლის 26 მარტს დღის 12 საათზე გამოეწერა (ტ. II, ს.ფ. 157), ხოლო შპს “...” ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 26 მარტის 24 საათამდე ჰქონდა, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოსათვის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში ანუ 2010 წლის 26 მარტის 24 საათამდე წარედგინა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “...” წარმომადგენელმა დ. ა-ძემ სახელმწიფო ბაჟი 2010 წლის 25 მარტს ანუ 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაზე ერთი დღით ადრე სხვისი, კერძოდ, ი. ა-ძის მეშვეობით გადაიხადა (ტ. II, ს.ფ. 147), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ამ პირის მეშვეობითვე შეეძლო შესაბამისი საბუთების სააპელაციო სასამართლოსათვის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში წარდგენა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდა ხარვეზის ვადაში შევსებად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივრის ასლები სასამართლოსათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ანუ 2010 წლის 27 მარტამდე უნდა წარედგინათ, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტ. II, ს.ფ. 140). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი, აპელანტის მიერ ხარვეზის ვადაში შევსების საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ წარუდგინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” წარმომადგენლის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.