ბს-668-662(კს-11) 15 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა თი. ა-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე თა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თა. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.09 წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება თი. ა-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინებით თა. ა-ის სარჩელზე მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ამხანაგობის « ......... «, მესამე პირების თი. ა-ისა და ა. ჭ-ას მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თი. ა-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და თა. ა-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინება ადრესატს – თი. ა-ეს გაეზავნა ფოსტის მეშვეობით. საქმეში წარმოდგენილი შპს «ს.კ.ს.»-ს კორესპონდენციის დამტარებლის 26.02.11 წ. აქტით დგინდება, რომ ადრესატმა თი. ა-ემ გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა (ტ. III, ს.ფ. 91). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ა-ის უარი სასამართლო განჩინების მიღებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადრესატისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თი. ა-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინება 26.02.11 წ. ჩაჰბარდა. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრებულიყო მხარისათვის მისი გადაცემიდან 12 დღის ვადაში. ამდენად, თი. ა-თვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 10.03.11 წ., ხოლო მის მიერ კერძო საჩივარი 22.03.11 წ. წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09 წ. განჩინება მის წარმომადგენელს 15.03.11 წ. ჩაბარდა. საქმეში წარმოდგენილია მ. ს-თვის 08.12.09 წ. განჩინების ჩაბარების დასტური (ტ. III, ს.ფ. 96). სააპელაციო პალატამ მას 08.12.09 წ. განჩინების შემცველი გზავნილი გაუგზავნა როგორც თა. ა-ის წარმომადგენელს. მართალია, მ. ს-ე იყო როგორც თი. ა-ის ასევე თა. ა-ის წარმომადგენელი, მაგრამ მისთვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან ვერ აითვლება თი. ა-ის მიერ 08.12.09 წ. განჩინების გასაჩივრების ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება თავდაპირველად თავად თი. ა-ეს 26.02.11 წ. ჩაბარდა და სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა მოხდეს თი. ა-ის მიერ კერძო საჩივრის შეტანის დადგენილი 12 დღიანი ვადის ათვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თი. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თი. ა-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. მ. ს-ეს (საიდენტიფიკაციო ნომერი ..........) დაუბრუნდეს მის მიერ თი. ა-ის საქმეზე 22.03.11წ. ¹31 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.