ბს-669-647(კს-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 2 თებერვალს თ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას, რომლითაც მოსარჩელე შეყვანილ იქნებოდა 1992-1993 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებებით დაზარალებულთა სიაში, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით, 23180 ლარის მიღების უფლების მქონე პირი. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ექსპერტიზის დანიშვნას ზიანის ოდენობის შესახებ საბოლოო დასკვნისათვის.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. კ-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე და სარჩელი დარჩა განუხილველად.
2007 წლის 3 ივლისს თ. კ-ძემ კვლავ მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიმართ და მიუთითა, რომ მას უარი არ უთქვამს თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაზე და ამასთანავე, კვლავ მოითხოვა საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა, მისთვის რეალურად მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის, საომარ მოქმედებებსა და მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის დასადგენად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის საოლქო განჩინებით მოცემულ საქმეზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტერედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. კ-ძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განჩინების აღსრულების განაწილვადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით თ. კ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. კ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის აღსრულება განუწილვადდა 10 თვემდე ვადით და დაევალა ყოველთვიურად, 10 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა 15 ლარის ოდენობით.
2010 წლის 22 თებერვალს თ. კ-ძემ კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის 2010 წლის დეკემბრამდე განწილვადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაიულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მატრის განჩინებით თ. კ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 3 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. კ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით თ. კ-ძის განცხადება ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და მიეცა 10 დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თ. კ-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით თ. კ-ძის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ არ იყო წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟი (50 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა 2010 წლის 28 მაისს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ თ. კ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 31 მაისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. კ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 31 მაისს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 10 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ განმცხადებლის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. კ-ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ძის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.