კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-675-669(კს-11) 21 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჯ-ავას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 5 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-675-669(კს-11) ლ. ჯ-ავას კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ლ. ჯ-ავას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416.1 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვებოდა დოკუმენტი (მტკიცებულება), რომლითაც დადასტურდებოდა, თუ როდის ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მარტის განჩინების ასლი და შესაბამისად, გაურკვეველი იყო თუ როდიდან უნდა მომხდარიყო კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის ათვლა. კერძო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.2 მოთხოვნებს და ასევე კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზების შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 158-160).
ხარვეზის შევსების მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჯ-ავას საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ლ. ჯ-ავას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს – ლ. ჯ-ავას საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს – ლ. ჯ-ავას და მის წარმომადგენელ მ. დ-ძეს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 161, 163).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განჩინების ასლი ლ. ჯ-ავას ჩაჰბარდა - 2011 წლის 5 მაისს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით (იხ. 164), ხოლო მის წარმომადგენელ – მ. დ-ძეს კი, 2011 წლის 29 აპრილს (ის. ს.ფ. 166).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხარვეზის განჩინების ლ. ჯ-ავასათვის ჩაბარების დღიდან და არა წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღიდან ვინაიდან, საქმის მასალებით თანახმად, მ. დ-ძის სახელზე, გაცემული რმუნებულება ძლაში იყო 2010 წლის 1 დეკემბრამდე.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა – 2011 წლის 16 მაისს, ვინაიდან 15 მაისი იყო შაბათი, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ავას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ავას კერძი საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.