Facebook Twitter

ბს-688-666(კს-10) 28 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირები – შპს ,,...”; დ. ღ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 22.07.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს 15.10.02წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹... და ასევე ამ მოწმობის საფუძველზე გაფორმებული ყველა თანამდევი შედეგის ბათილად ცნობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” საკუთრების უფლების აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.02.09წ. განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....” 24.02.09წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს 17.11.95წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹... და ამ მოწმობის საფუძველზე სხვა პირებზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” მესაკუთრედ ცნობა; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს 15.10.02წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹... ბათილად ცნობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-სათვის გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწყვეტილების ასლი 11.03.2010წ. ჩაბარდა დ. მ-ძეს, რომელიც ჩაბარების ხელწერილში დაფიქსირებულია როგორც თ. ჩ-უას შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწყვეტილება 12.04.2010წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...” თავმჯდომარე თ. ჩ-უამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....” თავმჯდომარე თ. ჩ-უას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწაყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინება 13.05.2010წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-უამ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინება უსაფუძვლოა და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწაყვეტილება ჩაბარდა არა პირადად მოსარჩელეს, არამედ მის შვილს დ. მ-ძეს მოსარჩელისათვის გადასაცემად, რომელმაც ვერ გადასცა მოსარჩელეს უწყება, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა თბილისში დედის გარდაცვალების გამო, რომელიც გარდაიცვალა 05.03.2010წ. და დაკრძალეს სოფელში 11.03.2010წ., ხოლო მოსარჩელე სოფლიდან ჩამოვიდა აღდგომის შემდეგ 06.04.2010წ. მხოლოდ ამ დღეს გადასცა შვილმა მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2010წ. გადაწაყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო უწყების მისთვის ჩაბარების დღიდან 06.04.2010წ. და 12.04.2010წ. წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს დადგენილ ვადაში შეტანილად.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინების გაუქმებას, რათა მოხდეს მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 03.05.2010წ. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის გაგრძელება არ შეიძლება და იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-უასათვის გაგზავნილი 05.01.2010წ. გადაწაყვეტილების ასლი ჩაბარდა დ. მ-ძეს 11.03.2010წ., რომელიც ჩაბარების ხელწერილში დაფიქსირებულია, როგორც შვილი. ასევე დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.01.2010წ. გადაწაყვეტილებაზე 12.04.2010წ. არის შეტანილი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტად უნდა განისაზღვროს 06.04.2010წ., როდესაც სოფლიდან ჩამოსულ თ. ჩ-უას შვილმა გადასცა უწყება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობის შემთხვევაში (სსკ 215.3 მუხ.), საპროცესო ვადის აღდგენას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას, რომელიც შეადგენს 14 დღეს, გასაჩივრების ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ დაიშვება მისი გაგრძელება (აღდგენა), ვადის დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-უასათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.01.2010წ. გადაწაყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხი წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასლი გაიგზავნა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე, ე.ი. მხარის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, .... ¹40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს შეტყობინებას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-უას შვილის დ. მ-ძის მიერ ჩაბარებული უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის. ვინაიდან ადრესატის შვილს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 11.03.2010წ., მხარისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 12.03.2010წ. და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოიწურა 25.03.2010წ. 24 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი აპელანტის მიერ 12.04.2010წ. არის შეტანილი. შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარე თ. ჩ-უას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.01.2010წ. გადაწაყვეტილებზე არის გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილი, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2010წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.