Facebook Twitter

ბს-695-672(კს-10) 4 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 16 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ა. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის სახით - 19980 ლარის, ზიანის _ 4133,03 ლარისა და პირგასამტეხლოს 2006 წლის 15 სექტემბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად _ 19980 ლარის 0,2%-ის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 30 აპრილს (ს.ფ. 125), ხოლო მან აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 18 მაისს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით. მითითებული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 13 მაისის 24 საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 18 მაისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.