ბს-698-675(კს-10) 2 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 7 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...” წარმომადგენლების ო. კ-შვილისა და ე. გ-ძის კერძო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით შპს ,,...” წარმომადგენლებს ო. კ-შვილსა და ე. გ-ძეს დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
2010 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატას შუამდგომლობით მომართეს შპს ,,...” წარმომადგენლებმა ო. კ-შვილმა და ე. გ-ძემ, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის ხარვეზის სესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი და წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს ,,...” წარმომადგენელ ე. გ-ძეს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში (მისამართის შეცვლის შესახებ) მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... 21, მე-2 სად, მე-2 სართ.) გაეგზავნა 2010 წლის 5 ივლისს, რომელიც ჩაბარდა 2010 წლის 6 ივლისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 7 ივლისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 12 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,...” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;