ბს-704-698 (კს-11) 1 ივნისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – ინვალიდთა და ვეტერანთა “...”;
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებები;
დავის საგანი – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდადის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ინვალიდთა და ვეტერანთა “...” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ინვალიდთა და ვეტერანთა “...” შორის 2002 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 10 000 ლარისა და ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე 10 000 ლარის 0,03 %-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2002 წლის 23 ივლისიდან 2005 წლის 15 თებერვლამდე შეადგენს 2 526 ლარს.
ბაღდადის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2010 წლის 17 მაისს ინვალიდთა და ვეტერანთა “...” მაგისტრმა, ვ. ჯ-იამ, განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ იგი საქმის განხილვაში არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით ინვალიდთა და ვეტერანთა “...” თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დასაშვები, მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით “...” მაგისტრის-ვ. ჯ-იას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა “...” წარმომადგენელმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინების, ამავე პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ინვალიდთა და ვეტერანთა ... კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება და ინვალიდთა და ვეტერანთა ... თავმჯდომარის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით “...” მაგისტრის-ვ. ჯ-იას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 422-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2009 წლის 18 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, თუ მხარე მოწვეული არ იყო საქმის განხილვაზე, რაც საქმის მხარეთა მონაწილეობით ზეპირ განხილვას გულისხმობს. შესაბამისად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვაზე მხარის მიუწვევლობა არ შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილობის საფუძველი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინვალიდთა და ვეტერანთა “...” წარმომადგენელმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ 422.1 “ბ” მუხლი. იგი თვლის, რომ სასამართლომ ძალიან ვიწროდ განმარტა ტერმინი “საქმის განხილვა”, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სსკ XXI თავით, საქმის განხილვის დასაწყისად ამ ინსტანციის სასამართლოში მიჩნეულია საქმის აღძვრის პროცედურა (მუხლი 177), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ამ საპროცესო მოქმედებიდან ამ ინსტანციის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამდე მთელი პროცედურა არის საქმის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, ამ ინსტანციის სასამართლოშიც საქმის განხილვა იწყება სააპელაციო საჩივრის აძღვრის პროცედურით და მთავრდება ამ ინსტანციის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი ვრცელდება ასევე კერძო საჩივრის განხილვის პროცედურაზეც.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 18 დეკემბერსაც ისე მიიღო განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, რომ მისი განხილვის არც ერთ პროცედურულ ეტაპზე არ მიუწვევია იგი სასამართლო განხილვაში. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოცემული დავიდან გამომდინარე, სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლეზე, ვინაიდან იგი თვლის, რომ კერძო საჩივრის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” და არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა 2011 წლის 13 იანვრის შუამდგომლობაზე, ვინაიდან 2010 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ადმინისტრაციული საქმე ინვალიდთა და ვეტერანთა ... სააპელაციო საჩივრის გამო განსახილველად გადასცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო ამ უკანსკნელმა 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო აღნიშნული სააპელაციო საჩივარი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმე, რომელზეც აღძრულია განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არის სამოქალაქო წესით განსჯადი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება მიღებულია არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ ინვალიდთა და ვეტერანთა “...” განცხადების და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინვალიდთა და ვეტერანთა “...” კერძო საჩივრის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილით კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს თავისი ინიციატივით საქმის სირთულიდან გამომდინარე. მხარის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისათვის საკმარის საფუძველს არ ქმნის. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა განხილულიყო ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 419-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას კერძო საჩივრის განმხილველი სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია კერძო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, კერძო საჩივრის ავტორს არ ჩაჰბარებია სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრის ასლი (რომელიც ეხებოდა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერების საკითხს), მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეს არ ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ასლი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იქნა წარმოებაში მიღებული და მისი განხილვა განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
Aაქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსჯადობის თაობაზე მხარის მოსაზრებას სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია, მით უფრო, როდესაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს მიერ მხოლოდ სამართლებრივი შეფასების საკითხს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სასამართლოს არაკანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინვალიდთა და ვეტერანთა “...” განცხადება და კერძო საჩივარი, ზემოაღნიშნული განჩინებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინვალიდთა და ვეტერანთა “...” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-419-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინვალიდთა და ვეტერანთა “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.