ბს-709-703 (კს-11) 1 ივნისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება;
დავის საგანი –სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ა. ყ-შვილს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 13128 ლარის გადახდა; ხოლო ზიანის საკომპენსაციო თანხის 15693,11 ლარის და პირგასამტეხლოს 3938,4 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს თოთხმეტ დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან”. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად “წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე”.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2011 წლის 04 მარტს. ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 21 მარტს.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 04 მარტს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 05 მარტიდან და ამოიწურა 2011 წლის 18 მარტის 24 საათზე.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარს დანართის სახით ერთვის კონვერტი, რომელიც ვერ ჩაითვლება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილად, ვინაიდან მასზე არ არის მიმღები ფოსტის შესაბამისი ბეჭედი, გზავნილის ჩაბარების დროის აღნიშვნით. შესაბამისად, 2011 წლის 21 მარტს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმება.
Kკერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 18 იანვრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მიმდინარე წლის 17 მარტს, რომელიც დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის საფელდეგერო განყოფილების რეესტრზე, ფოსტის 17.03.2011 წლის ბეჭდით.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აპელანტს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფოსტის მეშვეობით გასაჩივრდა 17 მარტს, რაც სსსკ-ის 61,3 მუხლის შესაბამისად დადგენილ ვადაში შესრულებულ მოქმედებად ითვლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 4 მარტს (ტ. I, ს.ფ. 64). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2011 წლის 21 მარტს. საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ნ. ძ-შვილის ხელმოწერასთან ერთად დასმულია სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის ნომერი 4/926 (ტ.I, ს.ფ.76). კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გზავნილების რეესტრით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტის მიერ მინიჭებული ნომრით ¹4/926 (რომელიც ემთხვევა სააპელაციო საჩივარზე მითითებულ ნომერს), რუსთავის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას 2011 წლის 17 მარტს, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან მე-13 დღეს ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 12).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის გაცდენის მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსაზღვრა წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება;
2. საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.