ბს-718-694(2კს-10) 23 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ... ასოციაცია “...”
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) ფოთის რეგიონული ცენტრი; 2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო
მესამე პირი _ სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 24 ნოემბერს ... ასოციაცია ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ფოთის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2005 წლის 14 დეკემბრის ¹154 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹10/15592 გადაწყვეტილების, საშემოსავლო გადასახადის _ 1450 ლარისა და სოციალური გადასახადის _ 587 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით _ 12 265 ლარისა და მორალური ზიანის სახით _ 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2009 წლის 30 დეკემბერს ... ასოციაცია ,,...” დაზუსტებული სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეთათვის მორალური ზიანის სახით _ 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარი განაცხადა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ... ასოციაცია ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – 2 037 ლარის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2005 წლის 14 დეკემბრის ¹154 შეტყობინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹10/15592 გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების პროპორციულად მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის ნაწილში; მოსარჩელეს მატერიალური ზიანის სახით _ 12 265 ლარის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... ასოციაცია ,,...”, რომელმაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით _ 11 210 ლარისა და მორალური ზიანის სახით _ 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით ... ასოციაცია ,,...” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელი იყო.
... ასოციაცია ,,...” დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და საბოლოოდ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით _ 12 226 ლარისა და მორალური ზიანის სახით _ 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ... ასოციაცია ,,...” სააპელაციო საჩივარი, მოპასუხეთათვის _ 50 000 ლარის დაკისრების ნაწილში, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2005 წლის 14 დეკემბრის ¹154 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹10/15592 გადაწყვეტილების საშემოსავლო გადასახადის _ 1450 ლარისა და სოციალური გადასახადის _ 587 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით _ 12 226 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ... ასოციაცია ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ... ასოციაცია ,,...” მიერ. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს გაზრდილი სააპელაციო მოთხოვნა წარუდგინა და მოპასუხეთათვის დამატებით 50 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გადიდება დაუშვებელი იყო, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ... ასოციაცია ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ... ასოციაცია “...” პრეზიდენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდები, მათი დაწესებულებები და გაერთიანებები ყველა სარჩელზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა დააკისრა. ვინაიდან, ორგანიზაციას არ გააჩნდა დავის საგნის ღირებულების 3%-ის - 1800 ლარის გადახდის საშუალება, მოსარჩელე იძულებული გახდა დაეკონკრეტებინა სარჩელი და მხოლოდ ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2005 წლის 14 დეკემბრის ¹154 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹10/15592 გადაწყვეტილების, საშემოსავლო გადასახადის _ 1450 ლარისა და სოციალური გადასახადის _ 587 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა და მატერიალური ზიანის სახით - 12 226 ლარის ანაზღაურება მოეთხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით ... ასოციაცია ,,...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ... ასოციაცია “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოში სარჩელის საგანს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2005 წლის 14 დეკემბრის ¹154 შეტყობინებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹10/15592 გადაწყვეტილების საშემოსავლო გადასახადის _ 1450 ლარისა და სოციალური გადასახადის _ 587 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით _ 12 265 ლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოში კი აპელანტმა გაზარდა სააპელაციო მოთხოვნა და მოპასუხეთათვის დამატებით მორალური ზიანის სახით _ 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ თავსდება პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის ჩარჩოებში და იგი არსებითად ახალ სარჩელს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვასაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედება განეკუთვნება არა სარჩელის დაზუსტების ან დავის საგნის გადიდების მოთხოვნით აღძრულ შუამდგომლობას, არამედ ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენას სააპელაციო სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... ასოციაცია ,,...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ასოციაცია ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.