ბს-723-699(კს-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ “ნ. ჩ-ძე”
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახური (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური)
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 25 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შ. კ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ი/მ “ნ. ჩ-ძის” საქმიანობის საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და ამავე განჩინებით დადგინდა, ი/მ “ნ. ჩ-ძის” სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე ი/მ “ნ. ჩ-ძემ” საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური შემოწმების გზით (ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დეკლარაციების შემოწმების შედეგად), მის მიერ იმპორტირებული საქონლის მოცულობის რეალობის განსაზღვრის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანებით ი/მ “ნ. ჩ-ძის” საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება იქნა შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ნება დაერთო შეემოწმებინა 2004-2005 წლებში ი/მ “ნ. ჩ-ძის” მიერ განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევის გზით; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 მარტის ¹482 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 11 მაისის ¹10/5881 გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის _ ი/მ “ნ. ჩ-ძის” პრეტენზია ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ 2008 წლის 26 დეკემბრის ¹136 საგადასახადო მოთხოვნის უკანონობის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილებების შინაარსი ადასტურებდა, რომ ი/მ “ნ. ჩ-ძის” მიერ 2004-2005 წლებში (სადავო პერიოდში) გადამხდელის მიერ შეძენილი (იმპორტირებული) საქონლის მოცულობის დეკლარაციაში ასახვის რეალობა დამატებით შესწავლასა და გადამოწმებას საჭიროებდა.
2010 წლის 8 აპრილს ი/მ “ნ. ჩ-ძემ” განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და ახალი ბრძანების გამოცემა მოითხოვა, სადაც შემოწმების პერიოდად მითითებული იქნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული პერიოდი.
განცხადების ავტორის განმარტებით, მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანება გასაჩივრდა დაუსაბუთებლობის საფუძვლით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო შეეხო შემოწმების პერიოდს და უკანონოდ დაადგინა, რომ შემოწმების პერიოდად უნდა განსაზღვრულიყო _ 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის ჩათვლით პერიოდი, მაშინ როცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია აღნიშნული პერიოდის შემოწმება, ის ითხოვდა 2005 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის შემოწმებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მიანიჭა იმ პერიოდის შემოწმების უფლება, რომელიც მას არ მოუთხოვია, ანუ მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე მან მოითხოვა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით ი/მ “ნ. ჩ-ძის” განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ი/მ “ნ. ჩ-ძემ” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი 2010 წლის 8 აპრილის განცხადებით მოითხოვა სასამართლოს ბრძანებით დადგენილი საგადასახადო პერიოდის შეცვლა, რაც არ შეიძლება ჩათვლილიყო გადაწყვეტილების ისეთ უსწორობად, რაც შესაძლებელი იყო გასწორებულიყო გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ “ნ. ჩ-ძემ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანების შესწორება და ახალი ბრძანებით შემოწმების პერიოდად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში დაფიქსირებული პერიოდის მითითება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანება გასაჩივრდა დაუსაბუთებლობის საფუძვლით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო შეეხო შემოწმების პერიოდს და უკანონოდ დაადგინა, რომ შემოწმების პერიოდად უნდა განსაზღვრულიყო _ 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის ჩათვლით პერიოდი, მაშინ როცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია აღნიშნული პერიოდის შემოწმება, ის ითხოვდა 2005 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის შემოწმებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მიანიჭა იმ პერიოდის შემოწმების უფლება, რომელიც მას არ მოუთხოვია.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანების შესწორება და ახალი ბრძანების გამოცემა, სადაც შემოწმების პერიოდად მითითებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული პერიოდი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 26 აპრილს გამოიტანა განჩინება, რომლითაც დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი განცხადება, რის გამოც განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მეწამის საქმიანობის შემოწმებას არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავი (ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით), რომლის 211-ე მუხლის თანახმად, მეწარმის საქმიანობის შემოწმების კანონიერების მსჯელობაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამასთან, მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობის უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს, რომლის მიერ გამოტანილი ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-16 და მე-18 ნაწილების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ბრძანებაზე შეტანილი საჩივრის განხილვით სააპელაციო სასამართლოში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და დადგინდა, ი/მ “ნ. ჩ-ძის” სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება. აღნიშნულ ბრძანებაზე ი/მ “ნ. ჩ-ძემ” საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანებით ი/მ “ნ. ჩ-ძის” საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება იქნა შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს უფლება მიეცა შეემოწმებინა 2004-2005 წლებში ი/მ “ნ. ჩ-ძის” მიერ განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევის გზით; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ვერ იქნება აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, ი/მ “ნ. ჩ-ძემ” კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც მისი განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის ბრძანებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული არ ცვლის საქმის ვითარებას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩაითვალოს თუ არა, ი/მ “ნ. ჩ-ძის” მიერ სასამართლოს ბრძანებით დადგენილი საგადასახადო პერიოდის შეცვლა გადაწყვეტილების ისეთ უსწორობად, რაც შესაძლებელია გასწორდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ანუ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავის (ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით) საფუძველზე, რაზეც საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივარი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. საკასაციო სასამართლო ამ ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლითაც საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავის შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების წესის განმარტების მიუხედავად. შესაბამისად, აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე მიუთითებს, ვინაიდან გ. ჩ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, ხოლო კერძო საჩივარი განუხილველი რჩება, ამდენად, გ. ჩ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 187-ე, 185-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. გ. ჩ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ი/მ “ნ. ჩ-ძის” კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.