Facebook Twitter

ბს-736-711(კს-10) 20 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. დ-იას კერძო საჩივარი თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-იამ 14.08.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების მ. ნ-ძის, ჯ. ხ-ძის და რ. ბ-შვილის მიმართ, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 20.01.09წ. ¹882009009393-03, 23.06.09წ. ¹882009173076-03 გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.07.09წ. ¹151035 გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 16.06.09წ. ¹01/01-07/09-746 განკარგულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ. თბილისში, ... III მ/რ, კორპ. 1, ბინა 88-ზე განხორციელებული გ. დ-იას იპოთეკის უფლების პირველი რიგის იპოთეკად რეგისტრაციის და შესაბამისი ამონაწერის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2010წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. დ-იას სარჩელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 20.01.09წ. ¹882009009393-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 23.06.09წ. ¹882009173076-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.07.09წ. ¹151035 გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 16.06.09წ. ¹01/01-07/09-746 განკარგულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ. თბილისში, ... III მ/რ, კორპ. 1, ბინა 88-ზე განხორციელებული გ. დ-იას იპოთეკის უფლების პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის და შესაბამისი ამონაწერის გაცემის დავალების თაობაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე 09.02.10წ. გაეგზავნა და 05.03.10წ. ჩაბარდა გ. დ-იას შვილს ს. დ-იას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2010წ. გადაწყვეტილება 22.03.10წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-იამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.2010წ. დამატებითი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.09წ. განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა უფლების რეგისტრაცია მ. ნ-ძის კუთვნილ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ... III მ/რ I კორპ. ბინა 88, საკადასტრო კოდი ... დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. და 01.04.10წ. გადაწყვეტილებებზე 12.04.10წ. სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. დ-იამ, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინებით გ. დ-იას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2010წ. გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.2010წ. დამატებით გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან გ. დ-იას შვილს გადაწყვეტილების ასლი 05.03.10წ. ჩაბარდა, მხარისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა 06.03.10წ. დაიწყო და 19.03.10წ. ამოიწურა, შესაბამისად 22.03.10წ. შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება ვადის დარღვევით შეტანილ საპელაციო საჩივრად. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 369-ე და 70-78-ე მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დატოვებულიყო განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.2010წ. გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, წარმოადგენს რა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თანმდევ პროცესუალურ შედეგს, არ ექვემდებარება ძირითადი გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად გასაჩივრებას, ვინაიდან პროცესუალურად შეუძლებელია ძირითადი გადაწყვეტილების შეუცვლელად მისი შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-იამ, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 29.01.10წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა 1 დღის დაგვიანებით, ხოლო მას შემდეგ რაც გამოტანილი იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის როგორც 29.01.10წ. გადაწყვეტილება, ასევე 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს ერთიანი და საბოლოო დასაბუთებული გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო განხილვის კუთხით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ერთიან გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ ერთიდაიმავე მხარეთა შორის, ერთიდაიგივე დავა და ერთიდაიმავე საფუძვლით გადაწყვიტა არსებითად. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსკ-ის 261.2 ნაწილზე და თვლის, რომ დამატებითი გადაწყვეტილება იმთავითვე უნდა იქნეს გამოტანილი და გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი სასამართლოს მიერ ერთად უნდა მოხდეს პირველად გამოტანილი გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, 29.01.10წ. გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, ვინაიდან მის სამოტივაციო ნაწილში არ იქნა ასახული ის გარემოებები, რომელიც მითითებულია 01.04.10წ. დამატებით გადაწყვეტილებაში, შესაბამისად ვერც 29.01.10წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაითვლება საქალაქო სასამართლოს საბოლოო და დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, რადგან მასში ასახული არ არის 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დამატებითი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში სასამართლოს საბოლოო დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტად უნდა ჩაითვალოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტი. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილების განუხილველად დატოვებით, მას წაერთვა გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება, სსკ-ის 261,4 მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში განხოორციელდა კიდეც, შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლის განუხილველად დატოვების უფლება სააპელაციო სასამართლოს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ გ. დ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილებზე წარდგენილი გ. დ-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. გადაწყვეტილება ადრესატის – გ. დ-იას შვილს ს. დ-იას 05.03.10წ. ჩაბარდა მხარის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც დასტურდება გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის შვილის ს. დ-იას ხელმოწერით (ტ. I, ს.ფ. 241). კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს და ადასტურებს, რომ მისმა შვილმა ს. დ-იამ ჩაიბარა გ. დ-იასთვის განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. გადაწყვეტილების შემცველი საფოსტო გზავნილი და გზავნილის მიღებით ს. დ-იას დაეკისრა სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. გ. დ-იასათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად, 06.03.10წ. დაიწყო და 61-ე მუხლის თანახმად, პარასკევ დღეს _ 19.03.10წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 22.03.10წ. წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. სსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და მისი გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 01.04.10წ. გადაწყვეტილება სსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე (“დამატებითი გადაწყვეტილება”) გამოტანილია სასამართლოს ინიციატივით (ტ. I, ს.ფ. 278), 29.01.10წ. ძირითად გადაწყვეტილებაზე გ. დ-იას მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ. დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით 12.04.10წ. – გამოტანიდან მე-12 დღეს, გაასაჩივრა გ. დ-იამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2010წ. და 01.04.2010წ. დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრების საერთო ვადა უნდა ათვლილიყო დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მის მიერ კანონით დადგენილ ვადაშია ერთობლივად გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. და 01.04.10წ. გადაწყვეტილებები. დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ საკითხის დასმა და განხილვა ვერ შეაჩერებს ძირითადი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და მისი ვადის დენის შეჩერებას, მით უფრო, რომ 01.04.10წ. გადაწყვეტილება ეხება არა რაიმე არსებით საკითხს, არამედ მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.09წ. განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, შესაბამისად საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტად უნდა ჩაითვალოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება არ აჩერებს ძირითადი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და მისი ვადის დენის შეჩერებას. დამატებითი გადაწყვეტილება არის ძირითადი გადაწყვეტილების ნაწილი, ამასთანავე უკეთუ მათგან ერთ-ერთი, პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ გასაჩივრებულა, ითვლება, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილების ეს ნაწილი შედის კანონიერ ძალაში. საპროცესო ვადის დარღვევით გამოცემული დამატებითი გადაწყვეტილების ძირითადი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის საშუალებად მიჩნევა არღვევს სამართლებრივი გარკვეულობის, სასამართლო გადაწყვეტილების სტაბილურობის და სავალდებულობის მოთხოვნებს.

საკაციო პალატა თვლის, რომ გ. დ-იას კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ადასტურებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. გადაწყვეტილების სსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული 14 დღიან ვადაში გასაჩივრების ფაქტს. კერძო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები დამატებითი გადაწყვეტილების პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოტანის შესახებ, შესაძლოა გახდეს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების და არა 29.01.10წ. გადაწყვეტილების გაცდენილი გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 01.04.10წ. გადაწყვეტილება არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თანმდევი პროცესუალური შედეგი, არ გამორიცხავს მისი გასაჩივრების და სსკ-ის 261-ე მუხლთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინებით გ. დ-იას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.10წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში გ. დ-იას სააპელაციო საჩივარს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა ამავე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, რომელიც შეადგენს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღეს. ტ. I, ს.ფ. 282-ზე წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილება გ. დ-იას წარმომადგენელს ნ. გ-უას 01.04.10წ. ჩაბარდა, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი 01.04.10წ. გადაწყვეტილებაში მითითებულ, სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ 14 დღიან ვადაში (12.04.10წ.) წარედგინა სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადი გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილება არის გასაჩივრების დამოუკიდებელი ობიექტი, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში გ. დ-იას სააპელაციო საჩვრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.04.10წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი გ. დ-იას სააპელაციო საჩივრის განუხლიველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში გ. დ-იას სააპელაციო საჩვრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.10წ. განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.