ბს-745-720(კს-10) 29 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენლის გ. ფ-იას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 18 ივნისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენლის გ. ფ-იას კერძო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელ გ. ფ-იას დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2010 წლის 1 ნოემბერს ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელმა გ. ფ-იამ შემოიტანა განცხადება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მ. შ-ია ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენლის გ. ფ-იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა; კერძო საჩივრის ავტორ ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელ გ. ფ-იას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2010 წლის 19 ნოემბერს ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელმა გ. ფ-იამ შემოიტანა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.
საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელ გ. ფ-იას კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ... ქ. ¹24) ჩაჰბარდა 2010 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 17 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენელ გ. ფ-იას უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის (კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ) დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო საჩივრის ავტორის ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენლის გ. ფ-იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განუხილველი დარჩეს ი/მ ,,მ. შ-იას” წარმომადგენლის გ. ფ-იას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;