Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-756-731 (კს-10) 18 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

გ. ს-შვილმა 20.11.09წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.01.2010წ. განჩინებით მხარეთა თანხმობით გ. ს-შვილი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და მისი თანხმობით შეიცვალა სათანადო მოსარჩელით-შპს “...”. ახალციხის რაიონულ სასამართლოს 19.02.2010წ. განჩინებით, იმ მოტივით, რომ შპს “...” სასამართლო გზავნილი არ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე, სსკ-ის 71-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. ს-შვილის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2010წ. განჩინებით გ. ს-შვილის კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.01.2010წ. და 19.02.2010წ. განჩინებებზე დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლოს განჩინებით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2010წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულის განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.2010წ. განჩინება, რომლითაც გ. ს-შვილის მიერ ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.01.2010წ. და 19.02.2010წ. განჩინებებზე შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.