Facebook Twitter

ბს-762-756(კს-11) 6 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 11 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ჭ-შვილმა მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2010 წლის 10 ივლისის ¹476 ბრძანების ბათილად ცნობა მისი გამოცემის მომენტიდან, ასევე მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალდებულება, გასცეს თანხმობა მ. ჭ-შვილზე 471.665ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მ. ჭ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. შესაბამისად, მხარეს დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი თარიღი, ასევე აპელანტს დაევალა, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა მისი წარმომადგენლისათვის “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა (ასლი). მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 17 თებერვალს (იხ.ს.ფ. 7, ტ.II) მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადა იყო 24 თებერვალი. ე.ი. სააპელაციო საჩივრის ავტორს შეეძლო ხარვეზი შეევსო აღნიშნული ვადის 24-საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზი არ იქნა შევსებული ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჭ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განცხადება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ საგარეჯოს ფოსტას ჩაჰბარდა 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ ხარვეზის შევსებისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, რასაც ადასტურებს საგარეჯოს ფოსტის მიერ გაცემული ქვითარი ¹000025 და ქვითარი ¹00018, მასზე აღნიშნული საფოსტო გზავნილის ¹184 კალენდარულ შტამპზე მითითებულია აღნიშნული განცხადების ფოსტისათვის ჩაბარების თარიღი 23.02.11წ. განცხადების ამავე ვადაში ჩაბარებას ადასტურებს, აგრეთვე, საგარეჯოს ფოსტის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ¹184 საფოსტო გზავნილი საგარეჯოს ფოსტას გასაგზავნად ჩაჰბარდა 2011 წლის 23 თებერვალს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ჭ-შვილის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე და აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე /იხ.ს.ფ. 3-5/. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება აპელანტს _ მ. ჭ-შვილს ჩაბარდა 2011 წლის 17 თებერვალს /იხ.ს.ფ. 7/. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინების (ხარვეზის დადგენის თაობაზე) ასლი, მ. ჭ-შვილს ჩაბარდა 2011 წლის 17 თებერვალს (ის.ს.ფ. 3, 7), ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 18 თებერვალს. სააპელაციო საჩივრის ავტორს უფლება ჰქონდა საპროცესო მოქმედება შეესრულებინა 2011 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ან ოცდაოთხ საათამდე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქმეში წარმოდგენილია საგარეჯოს ფოსტის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მ-ძე კ. _ მ. ჭ-შვილის წარმომადგენელმა, წერილი ¹184 დამისამართებული თბილისის სააპელაციო სასამართლოზე, ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 23 თებერვალს. მეტიც, აქვე არის წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითრები წერილის გაგზავნის თაობაზე და ს.ფ 19-ზე წარმოდგენილია კონვერტი, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ შეკვეთილი წერილი, ფოსტით, სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა 2011 წლის 23 თებერვალს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-შვილს არ გაუშვია ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შეავსო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.