¹ბს-767-761(კს-11) 29 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. დ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-767-761(კს-11) დ. დ-ის კერძო საჩივრისა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
2011 წლის 26 აპრილს დ. დ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, უარი განაცხადა კერძო საჩივარზე და მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, დ. დ-ის განცხადებას კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძო საჩივარზე წარმოება შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (XLIX თავი _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის დადგენილი წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტრორმა დ. დ-ემ კერძო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დ. დ-ეს განუმარტავს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის დ. დ-ის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 414-ე-419-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. დ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს დ. დ-ის კერძო საჩივარზე წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება;
4. დ. დ-ეს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.