Facebook Twitter

ბს-774-749(კს-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჭ-ული

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) ქ. თბილისის მერია; 2) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; 3) სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური;

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ოქტომბერს გ. ჭ-ულმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹1123 განკარგულების, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 18 თებერვლის ¹238 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 22 ივნისის ¹00000932 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ულმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით გ. ჭ-ულის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გზავნილი გ. ჭ-ულის მეუღლის ძმისშვილმა ე. კ-შვილმა 2010 წლის 12 მარტს ჩაიბარა. ამასთან, გ. ჭ-ულმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 29 მარტს წარადგინა, რაც დადასტურდა კანცელარიის მიერ დასმული ბეჭდით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 74-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან, გ. ჭ-ულმა მის მიერ შეტანილი განცხადებით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ე., იგივე ე. კ-შვილი მისი მეუღლის ძმისშვილი იყო და 1995 წლიდან მის ოჯახში ცხოვრობდა, მხარისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა 2010 წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისად, 2010 წლის 26 მარტს 24 საათზე ამოიწურა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჭ-ულმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 29 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით შეიტანა, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-ულმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საპროცესო ვადის დარღვევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ჩათვალა 14 სამუშაო დღედ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იგი 2010 წლის 26 მარტამდე მაინც ვერ შეძლებდა სააპელაციო საჩივრის წარდგენას, რადგან 2010 წლის 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით გ. ჭ-ულის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ჭ-ულის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ულს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 10 მარტს გაეგზავნა (I ტ, ს.ფ. 257) და 2010 წლის 12 მარტს _ ე. კ-შვილს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით (I ტ, ს.ფ. 261).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ გ. ჭ-ულის განცხადებაზე, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი ე., იგივე ე. კ-შვილი კერძო საჩივრის ავტორის მეუღლის ძმის შვილი და მასთან 1995 წლიდან მცხოვრები სრულწლოვანი პირია (II ტ, ს.ფ. 8). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ასლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრისთვის ჩაბარება გ. ჭ-ულისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 13 მარტს დაიწყო, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. ჭ-ულს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 2010 წლის 26 მარტის ჩათვლით ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ჭ-ულმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინა, რასაც ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მიერ დასმული ბეჭედი. (I ტ, ს.ფ. 262).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების _ 14 დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ულის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჭ-ულის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.