კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-782-756 (კს-10) 28 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.06წ. განჩინებაზე ი. ს-იას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი.
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
ლ. ღ-მა 26.01.05წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს და ი. ს-იას მიმართ და ბინიდან გამოსახლების არაკანონიერად განხორციელების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.05წ. გადაწყვეტილებით ლ. ღ-ტის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა ლ. ღ-ტის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით; მოპასუხე ი. ს-იას დაეკისრა ლ. ღ-ტისათვის მისი საოჯახო და სხვა სახის დასახელების ნივთების დაბრუნება, ხოლო მითითებული ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ ლ. ღ-ტისათვის დაუზიანებლად დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ი. ს-იას დაეკისრა ამ ნივთების შესაბამისი ღირებულების გადახდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზრაურება ლ. ღ-ტის სასარგებლოდ 300 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე ი. ს-იას დაეკისრა ორი ცალი რგოლის ბეჭედის, თითო 50 აშშ დოლარად ღირებულების; ერთი ცალი ყელსაბამი ჯაჭვის 180 აშშ დოლარად ღირებულების, ერთი წყვილი ყურსაკიდის 100 აშშ დოლარად ღირებულების ლ. ღ-ტისათვის დაბრუნება ან მათი ღირებულების ლ. ღ-ტის სასარგებლოდ გადახდა 380 აშშ დოლარის ოდენობით; მოსარჩელე ლ. ღ-ტს უარი ეთქვა მორალური ზიანის სრულ დაკმაყოფილებაზე და აღსრულების პროცესში დაკარგული 1000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელე ლ. ღ-ტს უარი ეთქვა აღსრულების პროცესში ბინაში დარჩენილი ოქროს სამკაულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი ღირებულების გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების 220 აშშ დოლარის ოდენობით ნაწილში უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება 28.04.05წ. გასაჩივრდა ი. ს-იას მიერ საჩივრით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 20.06.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 19.07.05წ. განჩინებით ი. ს-იას სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 20.06.05წ. განჩინება 28.12.05წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს-იამ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.04.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ს-იას კერძო საჩივარი; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.07.05წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; აპელანტს დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 20.06.05წ. განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსება, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.06წ. განჩინებით ი. ს-იას სააპელაციო საჩივარი ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.05წ. გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.06წ. განჩინება 01.06.2010წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს-იას წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.04.06წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არის უსაფუძვლო და კანონის უხეში დარღვევით მიღებული, ვინაიდან იგი ი. ს-იას არ ჩაბარებია სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ ი. ს-ია ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ქ. ბათუმში, .... ¹..., ბინა 4-ში და მისთვის არ არის ცნობილი თუ როდის უზრუნველყო კურიერმა აღნიშნულ მისამართზე სასამართლო განჩინების მიტანა, ასევე უცნობია ის ფაქტი, თუ ვისი მითითებით აღინიშნა, რომ თითქოსდა მომჩივანი აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, 20.04.06წ. განჩინება არ არის დასაბუთებული და არ არის მითითებული მისი მიღების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ ან სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მის ძირითად მისამართად (ალტერნატიული მისამართის გარეშე) მითითებულ იქნა ქ. ბათუმი, პუშკინის 125/127 ბ.4, ი. ს-იას არ დაუსვია ალტერნატიულ საცხოვრებელ მისამართზე სასამართლო უწყების გაგზავნის საკითხი, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ი. ს-ია ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ¹..., ბინა-4-ში, დღემდე არ მომხდარა მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურში, რის გამოც ი. ს-იას პირადობის მოწმობაში მითითებულია უმისამართო რეგისტრაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმეში არსებული გზავნილები ი. ს-იას ეგზავნებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე-ქ. ბათუმში, ... 125/127 ბ.4. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.04.06წ. და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.06წ. განჩინებების გზავნილებზე ფოსტის თანამშრომლის თანდართული აქტებით, რომელიც შედგენილია 19.04.06წ. და 08.06.06წ., დასტურდება, რომ აქტის შედგენის დროს აღნიშნული პიროვნება მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და ბინა გაქირავებულია (სფ.69; სფ.76).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ აქვს, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ი. ს-იას წარმომადგენელს არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული ის მოტივები, რომელიც შესაძლებელია კერძო საჩივრის დაშვებას დაედოს საფუძვლად. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემიება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 07.03.05წ. გადაწყვეტილებაზე ი. ს-იას მიერ 28.04.05წ. შეტანილი საჩივარი შეიცავდა მხოლოდ და მხოლოდ მითითებას იმაზე, რომ ი.ს-იას გადაწყვეტილება მიაჩნია არაკანონიერად, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ დაზუსტებულ საჩივარს მოგვიანებით შემოიტანდა (სფ. 45), შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განჩინებების გარეშეც, გაცნობიერებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის არასრულყოფილება, არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის შემოტანის საჭიროება, მიუხედავად ამისა მის მიერ დღემდის, 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ შემოუტანია მოტივირებული სააპელაციო საჩივარი, არ ჩამოუყალიბებია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ი. ს-იასათვის ცხადი უნდა ყოფილიყო აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს 07.12.09წ. წინადადებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.05წ. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მიუხედავად ამისა კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 20.04.06წ. განჩინებაზე 01.06.10წ. იქნა შეტანილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 20.04.06წ. განჩინებაზე პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით არის შემოტანილი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-იას კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.