ბს-783-757(კს-10) 21 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სსხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რ. წ-ძემ სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს გ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე იმით ასაბუთებდა, რომ მოპასუხე გ. გ-ძემ 2006 წლის 31 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის ¹3083 ბრძანებით მოპასუხე გ. გ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 14 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა მოპასუხისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აღნიშნულ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით ვანის რაიონულ სასამართლოს შესაგებლით მიმართა გ. გ-ძემ და მოითხოვა სარჩელის უარყოფა. შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ გ. გ-ძის დათხოვნა არ შეესაბამებოდა ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შეასახებ” კონტრაქტის მე-2 თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დარღვევას, რადგანაც საქმეში არსებობდა 1-ლი ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი ¹38. ამ ოქმით დასტურდებოდა, რომ გიორგის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იყო მისივე პატაკი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რ. წ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. გ-ძეს დაეკისრა საქრათველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 26141,07 (ოცდაექვსიათასასორმოცდაერთი) ლარის, 07(შვიდი) თეთრის და აღნიშნული თანხის 30% პირგასამტეხლოს სახით 7842,33 (შვიდიათასრვაასორმოცდაორი) ლარისა და 33 (ოცდაცამეტი) თეთრის გადახდა; გ. გ-ძეს დაეკისრა საქრათველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზიანის საკომპენსაციო თანხის 204,5 (ორასოთხი) ლარის და 05 (ხუთი) თეთრის გადახდა; გ. გ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ზიანის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ქუთისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და გაგრძელდა საჩივრის განხილვის ვადა 05 თვემდე.
ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო(სამოქალაქო) წესით გაასაჩივრა გ. გ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-ძემ. აპელანტი სააპელაციო საჩივრით მითხოვდა ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილების დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებას მოთხოვნათა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: აპელანტის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 367,51 ლარის ოდენობით და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 07(შვიდი) დღიანი ვადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის წარმოამდგენლის ა. ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების ან მისი გადავადების შესახებ და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 07 (შვიდი) დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის წარმომადგენლის განცხადება მისი მარწმუნებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან უკიდურეს შემთხვევაში სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის უტყუარ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 07 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2010 წლის 30 აპრილს გ. გ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-ძემ კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით, წარადგინა მტკიცებულებები და მათზე დაყრდნობით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი და მან განმეორებით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმავე საფუძველზე - გადახდისუუნარობაზე მითითებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაუვადოს მხარეს სასამართლო ხარჯების გადახდა, მაგრამ მითითებული ნორმით დადგენილი შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარის გადახდისუუნარობა დადასტურებული იქნება მის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით.
ამ თვასაზრისით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თვლის, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას და დამოკიდებულია სასამართლოს მხრიდან იმ მტკიცებულებათა შეფასებაზე, რაც მხარის მიერ არის წარმოდგენილი, მაგრამ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა კანონით ზუსტად გაწერილი ის შემთხვევა, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს მისი საქმის სახელმწიფო ბაჟის გარეშე განხილვა და არ არის დამოკიდებული სასამართლოს შეხედულებაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის მიერ ბაჟის გადაუხდელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსითაა განსაზღვრული საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით შრომითი უფლებები სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე 32-ე მუხლები (ადამიანის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები) ადგენს, რომ შრომა თავისუფალია და სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სოციალური ქარტია (ძალაში შევიდა 1965 წლის 26 თებერვალს) აღიარებს ადამიანის უფლებას, გამოკვებოს თავისი თავი შრომით, რომელსაც ირჩევს საკუთარი ნებით; ყოველ მშრომელს უფლება აქვს ჰქონდეს სამართლიანი სამუშაო; ყოველ მშრომელს უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი გასამრჯელო (ქარტიის მეორე ნაწილი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები). ადამიანისათვის შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების შექმნას აღიარებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველოც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის უფლება უდავოდ წარმოადგენს ადამიანის სოციალურ უფლებას და მასთან დაკავშირებული სადავო საკითხები სასამართლოთა მიერ განხილულ უნდა იქნას სახელმწიფო ბაჟის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა შეეხება შრომით-საკონტრაქტო პირობების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პრველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ძის წარმომადგენელის ა. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე წარმოებაში მიღების მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.