ბს-786-760(კს-10) 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი.მ “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი(საგადასახადო ინსპექცია)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 24 თებერვალს ი.მ “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის(საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება სისხლისსამართლებრივი დევნის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე ი.მ “...” უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სისხლისსამართლებრივი დევნის ნაწილში შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
2010 წლის 5 მარტს ი.მ “...” კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ი.მ “...” წარმომადგენლის – ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.მ “...”, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ “...” კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე_420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე, ი.მ “...” კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი.მ “...” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ “...” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.