¹ბს-798-792(კს-11) 15 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. ჯ-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 13910.64 ლარის, პირგასამტეხლოს 4173.20 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის 12194,92 ლარის და სანივთე ქონების დავალიანების ნატურით დაბრუნების ან მისი ექვივალენტის დაკისრება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ჯ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 13910.64 ლარის, სასურსათო ულუფის ხარჯის 392.89 ლარის გადახდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა მ. ჯ-ძეზე პირგასამტეხლოს სახით 13910.64 ლარის 30 პროცენტის დაკისრების და მოპასუხეზე გაცემული ხელფასის 11444.01 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; მ. ჯ-ძეს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატურით აუნაზღაუროს შემდეგი ნივთები: 1 ცალი ფორმა საველე კომუფლირებული ქუდით; 1 ცალი გორტექსი; 1 წყვილი მაღალ ყელიანი ფეხსაცმელი; 1 ცალი მაისური კომუფრული; ერთი ცალი სანივთე ჩანთა (ტაფალბეგი); ერთი ცალი საწვიმარი ლაბადა შარვლით; ერთი ცალი ფანარი; ერთი ცალი მათარის ჭიქა, ორი ცალი – ერთი ლიტრის ტევადობის მათარა შალითით; ერთი ცალი საწვიმარი ლაბადა (პონჩო). აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.03.11წ. ჩაბარდა, რომელმაც 01.04.11წ. თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და ამავე სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თელავის რაიონული სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილების ასლი 16.03.11წ. ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 01.04.11წ. წარადგინა. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლი 16.03.11წ. ჩაბარდა, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა 17.03.11წ. დაიწყო და 30.03.11წ. 24 საათზე ამოიწურა. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე დანართის სახით დართულ კონვერტს, პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი ვერ ჩაითვლებოდა ფოსტის მეშვეობით გაგზავნილად, ვინაიდან კონვერტზე არ არის მისი მიმღები ფოსტის შესაბამისი ბეჭედი, გზავნილის ჩაბარების დროის აღნიშვნით. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ 01.04.11წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი ჩათვალა გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის რეესტრის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საფელდეგერო სამსახურს 29.03.11წ. ჩაბარდა; ხოლო თავდაცვის სამინისტროს საფელდეგერო განყოფილების რეესტრის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფოსტას საპროცესო ვადის დაცვით 29.03.11წ. ჩაბარდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის წარდგენის ვადა უნდა მიეჩნია მისი ფოსტაში ჩაბარების დღე (29.03.11წ.) და არა სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარგენის დღე (01.04.11წ.).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თელავის რაიონული სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილება 16.03.11წ. გადაეცა. საქმეში დაცულია შპს “...” შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილების შემცველი საფოსტო გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.03.11წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 69). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 30.03.11წ. ოცდაოთხ საათამდე ჰქონდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფელდეგერო სამსახურს 29.03.11წ. ჩააბარდა, დასტურდება კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს კორესპონდენციის მიმღები პუნქტის ¹279 რეესტრით და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 29.03.11წ. კორესპონდენციის გაგზავნის სიით (რეესტრით), რომელზეც დასმულია შპს “...” თბილისის ¹12 განყოფილების კალენდარული შტემპელი 29.03.11წ. თარიღის აღნიშვნით. 81-ე საქმის ფურცელზე დაცულია კონვერტი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოში, აღნიშნულ კონვერტზე მითითებულია სააპელაციო საჩივრის თავდაცვის სამინისტროში რეგისტრაციის ნომერი 4/1098, რომელიც ემთხვევა თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ 29.03.11წ. ¹279 რეესტრში მერვე რიგით ნომრად მითითებულ თელავის რაიონული სასამართლოსათვის განკუთვნილ კორესპონდენციის რეგისტრაციის ნომერს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 29.03.11წ. კალენდარული შტემპელით დამოწმებულ სიაში (რეესტრში) მე-4 რიგით ნომრად მითითებულ თელავის რაიონული სასამართლოსათვის განკუთვნილ კორესპონდენციის რეგისტრაციის ნომერს. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრის 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო წესების 43-ე პუნქტის თანახმად კალენდარული შტემპელი განკუთვნილია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე, ქვითრებზე, საბუთებზე ადგილის, თარიღისა და ჩაბარების საათის აღნიშვნისათვის, აკრძალულია კალენდარული შტემპელის ანაბეჭდის დასმა სხვადასხვა მასალებზე მოქალაქეთა და დაწესებულებების თხოვნის საფუძველზე. ამდენად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 29.03.11წ. კორესპონდენციის გაგზავნის რეესტრზე დასმული კალენდარული შტემპელით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თელავის რაიონული სასამართლოს 14.02.11წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად და 369.1 მუხლით გათვალისწინებულ 14 დღიან ვადაში – 29.03.11წ. ჩააბარა შპს “...” თბილისის ¹12 განყოფილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11წ. განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11წ. განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.