Facebook Twitter

ბს-836-810(კს-10) 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დავების განხილვის საბჭო), სსიპ შემოსავლების სამსახური (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური), სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია)

მოსარჩელე _ შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 3 აგვისტოს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის (ოქმი ¹29/231) გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 10 მარტის ¹532 ბრძანებისა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 18 დეკემბერს გამოცემული ¹16.16/11157 საგადასახადო მოთხოვნის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც შპს “...” საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა _ 210 413,84 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება შპს “...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტლებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...” სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “...” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტის _ შპს “...” დაცვის თანამშრომელს _ რ. ფ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 14 მაისს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული შეტყობინებით გზავნილის ჩაბარების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს _ შპს “...” არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...” დირექტორმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და შპს “...” სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს, შპს “...” მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 26 აპრილს გამოიტანა განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლითაც შპს “...” ხარვეზის აღმოფხვრისათვის მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. ხსენებული განჩინების მიხედვით, მოცემულ ვადაში შპს “...” ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განჩინებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეეტანა სახელმწიფო ბაჟი _ 7000 ლარის ოდენობით და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს “...” წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებს, რის გამოც შეუძლებელი იყო მის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადებში. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მან განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სააპელაციო საჩივრის განხილვის დამთავრებამდე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად კი, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა გააგრძელა, რაც არასაკმარისი იყო იმისთვის რომ, შპს “...” გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე და განეხორციელებინა თავისი უფლების სასამართლო წესით დაცვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 26 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და შპს “...” ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ათი დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. შპს “...” დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვის დამთავრებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტის _ შპს “...” დირექტორის, ი. დ-ძის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა გაუგრძელდა 7 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინების ასლი შპს “...” დაცვის თანამშრომელს _ რ. ფ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 14 მაისს, რაც სასამართლოს შეტყობინებაზე მისი ხელმოწერით დასტურდება. ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 15 მაისიდან, აპელანტს აღნიშნული განჩინებით დაწესებული ხარვეზი უნდა შეევსო 2010 წლის 21 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ შპს ,,...” საერთოდ არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივად კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ ფაქტზე მითითებას, რომ შპს “...” განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სააპელაციო საჩივრის განხილვის დამთავრებამდე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად კი, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა გააგრძელა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა. შპს “...” განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო უტყუარი მტკიცებულებები აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის _ შპს “...” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, ვინაიდან აპელანტმა _ შპს “...” არ შეავსო ხარვეზი მითითებულ ვადაში, აღნიშნული წარმოადგენდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.