ბს-879-853(კს-10) 15 სექტემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 დეკემბერს გ. ლ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეებს დავალებოდათ, გაეცათ ცნობა იმის თაობაზე, რომ გ. ე. ძე ლ-შვილი 1993 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე მსახურობს და ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონით დადაგენილი ვადის გასვლის გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2010 წლის 16 აპრილს და არა 2010 წლის 14 აპრილს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დადგენილად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობს მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების დოკუმენტი ან მხარისათვის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2010 წლის 14 აპრილს ჩაბარების ფაქტს.
აღნიშნულდან გამომიდნარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ასლი აპელნატ – გ. ლ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. 22კ, ბინა 38) 2010 წლის 17 მარტს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებით არ დასტურდებოდა გ. ლ-შვილისათვის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარება, მას მითითებული გადაწყვეტილება განმეორებით კვლავ გაეგზავნა 2010 წლის 12 აპრილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მიცემა უშუალოდ მხარისათვის ან ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის, რომელიც ცხოვრობს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და რომელიც ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო უწყების ჩაბარებას.
საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 14 აპრილს ჩაბარდა გ. ლ-შვილის მამას – ე. ლ-შვილს (ს.ფ. 225). კონკრეტულ შემთხევავში აპელანტს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა წარედგინა 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო მან კი სააპელაცი საჩივარი შეიტანა 2010 წლის 29 აპრილს ე.ი გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.