Facebook Twitter

ბს-883-857(კს-10) 28 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჩ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.10წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჩ-ძემ 22.03.10წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 18.02.10წ. ¹პ-274 სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ძემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.10წ. განჩინებით ნ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანა შეიძლებოდა გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ნ. ჩ-ძის წარმომადგენელ ქ. ლ-ძეს 14.05.10წ., რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ქ. ლომაძის ხელწერილით. აპელანტმა ნ. ჩ-ძემ სააპელაციო საჩივარი 01.06.10წ., კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.06.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა მის წარმომადგენელ ქ. ლ-ძეს, რომლის დაუდევრობის გამო წაერთვა შესაძლებლობა გაასაჩივროს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ერთ-ერთი პროცესუალური მონაწილის მიერ სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება არ ართმევს მეორე მონაწილეს უფლებას გაასაჩივროს აღნიშნული სასამართლო აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარისთვის გასაჩივრების ვადის დენა არ დაიწყება წარმომადგენლისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის თანახმად წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილების ასლი ნ. ჩ-ძის წარმომადგენელ ქ. ლ-ძეს ჩაბარდა 14.05.10წ. (ს.ფ. 100). ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა ნ. ჩ-ძისთვის დაიწყო მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2010 წლის 15 მაისიდან და დასრულდა 28.05.10წ. დღის 24 საათზე. ნ. ჩ-ძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.10წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა 01.06.10წ., გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.10.წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.10წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.