ბს-899-873(კს-10) 8 სექტემბერი,2010
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. თ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება
დავის საგანი – განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 აგვისტოს ზ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მიუღებელი სახელფასო თანხის ანაზღაურებას 2004 წლის 1 ივლისადან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ზ. თ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება არ იყო შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1 მუხლის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ზ” ქვეპუნქტებისა და 179-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კერძოდ სარჩელში არ იყო მითითებული მოპასუხის დასახელება, მისამართი, არ იყო ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, არ იყო მითითებული გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს, თანდართული საბუთების ნუსხა, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, საბუთები არ იყო წარდგენილი ქართულ ენაზე, ასევე არ იყო წარდგენილი სარჩელის სათანადო ეგზემპლარები.
2006 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ზ. თ-ძემ სარჩელზე ხარვეზის შევსების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული ზ. თ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხის _ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის აღმოსავლეთ ქსელების სამმართველოს მიმართ. სასარჩელო განცხადება დაუბრუნდა მოსარჩელეს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა შევსებული სარჩელში არსებული ხარვეზი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განჩინება; საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელე ზ. თ-ძის სასარჩელო განცხადების უმოძრაოდ დატოვების შესახებ და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, აქედან გამომდინარე არ არსებობს სადაო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2010 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. თ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში შესწორების შეტანა. მოსარჩელე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ განჩინებაში დედამისის გვარის “ა-ძე” ნაცვლად მითითებული იყო “ა-ძე”. გარდა ამისა, იგი მიუთითებდა, რომ მუშაობდა ქ. ... ენერგოსაწარმოში ... და არა აგროსაწარმოში, როგორც ეს განჩინებაში იყო აღნიშნული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ზ. თ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული გვარი “ა-ძე” შეიცვალა “ა-ძით”; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა;
ზემოაღნიშნული განჩინება ზ. თ-ძის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება ზ. თ-ძის განცხადების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ. თ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში შესწორების შეტანა. მოსარჩელე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ განჩინებაში დედამისის გვარის “ა-ძე” ნაცვლად მითითებილი იყო “ა-ძე”. გარდა ამისა, იგი მიუთითებდა, რომ მუშაობდა ქ. ... ენერგოსაწარმოში ... და არა აგროსაწარმოში, როგორც ეს განჩინებაში იყო აღნიშნული. 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ზ. თ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული გვარი “ა-ძე” შეიცვალა “ა-ძით”; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამავე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ერთის მხრივ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. თ-ძის კერძო საჩივარში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ იგი მუშაობდა ქ. ... ენერგოსაწარმოში, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებზე, რომელთა ცალსახა მიზანსაც წარმოადგენს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაშვებული იმ აშკარა შეცდომის გასწორება, რომელიც არ გამოიწვევს განჩინების შინაარსის არსებით შეცვლას.
საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ზ. თ-ძე მუშაობდა ქ. ... “აგროსაწარმოში ...”.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარში ზ. თ-ძის მიერ მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, იგი არის დამსახურებული ინჟინერ-ენერგეტიკოსი, მაღალი ძაბვის ცალკე მდგარი ანძის გამოგონების ავტორი. მან დაასრულა ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით ,,ელექტროსადგურები”. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტში. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ზ. თ-ძე პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა ენერგეტიკის სფეროში და არა აგროსაწარმოში, რომელში საქმიანობაც ფუნციურად განსხვავდება ენერგეტიკის სისტემაში საქმიანობისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ცვლილება გავლენას არ ახდენს მხარის უფლებასა და ინტერესზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სავარაუდოდ, განჩინებაში გაპარულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც სასამართლოს მხრიდან ექვემდებარება გადამოწმებას და დადასტურების შემთხვევაში სათანადო ცვლილების განხორციელებას, რა მიზნითაც ზ. თ-ძის განცხადება აღნიშნულ ნაწილში განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. თ-ძეს უარი ეთქვა მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განჩინებაში ცვლილების შეტანაზე და ამ ნაწილში განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.