Facebook Twitter

ბს-902-876(კს-10) 5 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “...”-ს დირექტორის ალ. ნ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო შპს “...”-ს დირექტორის ალ. ნ-ძის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ შპს “...”-ს დირექტორ ალ. ნ-ძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2010 წლის 2 ივნისს და ჩაჰბარდა 2010 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 244), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 22 ივნისს.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორ შპს “...”-ს დირექტორ ალ. ნ-ძეს განუმარტავს, რომ, ვინაიდან მას კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 20 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გადაიწია 2010 წლის 21 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო შპს “...”-ს დირექტორ ალ. ნ-ძის მიერ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2010 წლის 22 ივნისს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის გადაცილებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა _ შპს “...”-ს დირექტორმა ალ. ნ-ძემ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...”-ს დირექტორის ალ. ნ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.