ბს-906-880(კს-10) 23 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. თბილისის მერია, სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო
მესამე პირები _ მ. ფ-ძე, ნ. შ-შვილი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 21 დეკემბერს და 2010 წლის 15 იანვარს შპს “...” სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და მესამე პირების _ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოსა და მ. ფ-ძის მიმართ და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 26 აგვისტოს ¹2518 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 2 ნოემბრის ¹1602 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის 2008 წლის 23 ივნისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ წითელი ხაზების გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ქ. თბილისის მერია და ნ. შ-შვილი ჩაებნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით სათანადო მოპასუხედ დადგენილ იქნა მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 6 აპრილს ჩაბარდა შპს “...” დირექტორის შვილს _ ს. ღ-ურს, რაც დასტურდებოდა სასამართლო შეტყობინებით. სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 14 მაისს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...” დირექტორმა _ გ. ღ-ურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება 2010 წლის 6 აპრილს ჩაბარდა მის ქალიშვილსა და ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც განქორწინებულია. ამასთან, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, გადაწყვეტილება მას არ გადასცეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა შპს “...” დირექტორს _ გ. ღ-ურს სასამართლოსთვის ცნობილ (სარჩელში მითითებულ) მისამართზე და 2010 წლის 6 აპრილს ჩაბარდა შპს “...” დირექტორის შვილს _ ს. ღ-ურს (ს.ფ. 411-412), ხოლო სააპელაციო საჩივარი შპს “...” დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 14 მაისს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, უწყებაზე ხელს აწერს შპს “...” დირექტორის, გ. ღ-ურის შვილი _ ს. ღ-ური, რომელიც აპელანტის ოჯახის წევრს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მისი შვილის და ყოფილი მეუღლისათვის ჩაბარება, ვერ ჩაითვლებოდა მისთვის ჩაბარებად, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება ეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ შპს “...” დირექტორის, გ. ღ-ურის შვილმა _ ს. ღ-ურმა ჩაიბარა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი გადაწყვეტილების ჩაბარება შპს “...” დირექტორის შვილის _ ს. ღ-ურისათვის ითვლება გადაწყვეტილების შპს “...” დირექტორის _ გ. ღ-ურისთვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.