ბს-907-881(კს-10) 13 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის _ ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 02 მარტს გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრმა _ ვ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცის შემდეგი პუნქტის: “დაევალოს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დააფიქსიროს დღეისათვის არსებული მდგომარეობა და გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი – საჯარო რეესტრის ჩანაწერში შეიტანოს ცვლილება ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში და ამ შენობის 1248 კვ.მეტრი ფართობის მესაკუთრედ აღირიცხოს გამომცემლობა “...”, განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით, გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის – ვ. ჯ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით არ არსებობდა სსსკ-ის 262-ე მუხლის გამოყენებისა და გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის ვ. ჯ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის გამომცემლობა “...” ერთიანი შრომითი კოლექტივი იმ სახით, როგორიც იყო პრივატიზაციის მომენტისთვის, აღარ არსებობდა. მის ბაზაზე ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე იურიდიული პირი, რომლებიც საქმის განხილვისას მიწვეული არ ყოფილან. რამდენიმე ფიზიკური პირი კი არ წარმოადგენდა გამომცემლობა “...” ბაზაზე შექმნილი იურიდიული პირების დამფუძვნებლებს. გადაწყვეტილებიდან, რომლის განმარტებასაც მხარე ითხოვს, არ დგინდება გამომცემლობა “...” ბაზაზე ჩამოყალიბებული იურიდიული პირების მიმართ როგორ იქნა გადაწყვეტილი სამართალმემკვიდრეობის საკითხი და რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი წარმოადგენდა მის უფლებამონაცვლეს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრმა _ ვ. ჯ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამომცემლობა “...” დაუდგინდა უფლება უძრავ ქონებაზე, მაშინ, როცა რეალურად ეს უფლება გააჩნია გამომცემლობა “...” შრომით კოლექტივს. საქმეზე არ განხილულა უფლებამონაცვლეობის საკითხი, რაც დასტურდება საქმის მასალებით, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის, გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივი, როგორც პროცესუალური სუბიექტი, არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უზენაესი სასამართლო წარმოებაში ვერ მიიღებდა გამომცემლობა “...” თანამშრომელთა სახელით წარდგენილ საჩივარს. შესაბამისად, არ არსებობდა გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლოს შეეძლო მიეთითებინა განმარტების მართლზომიერი საფუძვლის არარსებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით, გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის _ ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 22 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის მიერ პრივატიზებულ იქნა ... ქ. ¹5-ში მდებარე შენობის 1248 კვ.მ ფართი და ამ ფართზე 2000 წლის 15 ნოემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹835-პ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 22 მაისის განჩინებით გამომცემლობა “...” თანამშრომელთა სახელით მთავარი რედაქტორის _ ვ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე და ამ შენობის 1248 კვ.მ ფართის გამომცემლობა “...” მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო დანარჩენი 12557 კვ.მ ფართის მესაკუთრედ სს “...” აღრიცხვის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის მასალების მიხედვით, გამომცემლობა “...” 1996 წლიდან იმყოფებოდა საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმიანობის შემადგენლობაში. 2001 წლის 23 მარტის აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამომცემლობა “...” არის საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული სასამართლოში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 22 მაისის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საჯარო რეესტრში, ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე და ამ შენობის 1248 კვ.მ ფართის გამომცემლობა “...” მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებით დადასტურებულია, რომ გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის მიერ გამოსყიდული ქონების ბაზაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე იურიდიული პირი, რომლებიც განსახილველ საქმეში მხარეებად (მესამე პირებად) მიწვეული არ იყვნენ. ასევე, რამდენიმე ფიზიკური პირი არ გაერთიანებული ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და ისინი დამოუკიდებლად იღებდნენ მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში.
საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით შპს გამომცემლობა “...” შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ცვლილება რეესტრში შევიდა, როგორც შპს “...”. საქმეში ასევეა წარმოდგენილი შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...” ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეესტრები, რომელშიც მათ იურიდიულ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... ქ. ¹5.
სსსკ-ის მე-10 მუხლი ადგენს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებათა (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს კონკრეტულ მოთხოვნებს, სასამართლო აქტში მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს მისი შინაარსი რათა გამოირიცხოს სასამართლო დასკვნების და დადგენილების ბუნდოვანება.
სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს: მხარის ან აღმასრულებლის განცხადება; გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული; გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს მისი შინაარსის შეცვლა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბუნდოვანების გამო მისი განმარტების აუცილებლობის თაობაზე, რამდენადაც საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის _ 2002 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით გამომცემლობა “...” ერთიანი შრომითი კოლექტივი, იმ ფორმით როგორსაც პრივატიზაციის მომენტისთვის წარმოადგენდა აღარ არსებობდა, მეტიც მის ბაზაზე ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე იურიდიული პირი, რომლებიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ. ამასთან, რამდენიმე ფიზიკური პირი, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა, ზემოაღნიშნული იურიდიული პირის დამფუძნებლებს არ წარმოდგენდნენ.
შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადგენილა გამომცელობა “...” ბაზაზე ჩამოყალიბებული იურიდიული პირების მიმართ როგორ გადაწყდა სამართალმემკვიდრეობის საკითხი, თუ რომელი იურიდიული ან ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ მის უფლებამონაცვლეებს, ანუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაწყდა გამოტანის მომენტისთვის არსებული სამართალურთიეთობის სუბიექტის გამომცემლობა “...” უფლებრივი საკითხი სადავო უძრავი ქონების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხევაში არ არსებობს სსს-ის 262-ე მუხლის გამოყენებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 390-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გამომცემლობა “...” შრომითი კოლექტივის წევრის _ ვ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.