Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-922-915(კს-11) 2 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მესამე პირის _ ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

2010 წლის 30 ივლისს შპს ,,...” განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მესამე პირის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებლო ბიუროს მიმართ.

განმცხადებელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე, ამავე წლის 4 მაისს გაცემულ სააღსრულებლო ფურცელში მოპასუხედ მითითებული აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...” განცხადება უფლებამონაცვლეობის შესახებ დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ცნობილ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება; შპს ,,...” განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...”. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...” კერძო საჩივარი შეტანილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებაზე, რომლითაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება და შპს ,,...” განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განჩინებაა და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც შპს ,,...” კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს შპს ,,...” კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.