Facebook Twitter

ბს-93-92(კს-10) 17 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 17 სექტემბერს ო. ს-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ო. ს-შვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანება ო. ს-შვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ო. ს-შვილი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებული ინსპექტორის თანამდებობაზე; საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების 2 037 ლარის იძულებით განაცდურის გადახდა გათავისუფლების დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

2009 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ს-შვილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, წერილობით მოთხოვნის მიუხედავად, არ ჩაბარებია თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება, მათ ჩაბარდათ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც შემოსავლების სამსახურს აძლევდა უფლებას გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიან ვადაში, და რაც აპელანტის მხრიდან დაცულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მას გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივირით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

იმავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ხელზე მიცემა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ სასამართლოში, რაც მან უნდა დაადასტუროს შედგენილ ხელწერილზე საკუთარი ხელმოწერითა და თარიღის მითითებით, ან მისი მხარისათვის გადაგზავნის დრო. გაგზავნის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს დრო, როდესაც გადაწყვეტილების ასლი 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გადაეგზავნა მხარეს, ოღონდ საქმეში აუცილებლად უნდა იყოს დამადასტურებელი ცნობა, რომ ამ წესით გაგზავნილი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ადრესატს.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2004 წლის 28 ოქტომბერს. იგი ადრესატს ჩაბარდა 2004 წლის 29 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში დაცული გზავნილით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი (ს.ფ.60). გზავნილის ტექსტის შინაარსიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტს გაეგზავნა გადაწყვეტილება შესასრულებლად და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ წარმოადგენს და ვერ უთითებს შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა საფუძველს ეჭვქვეშ დაეყენებინა საქმეში დაცული გზავნილის დასტურის რეალურობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულედეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა მხარეს დაეწყო 2004 წლის 30 ოქტომბრიდან, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ შეტანილია 2009 წლის 20 აგვისტოს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაშვებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.