ბს-94-93(კს-10) 23 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ფ. ჩ-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 29 აგვისტოს ფ. ჩ-ოვმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის ¹1643 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 7 აპრილის ¹109 საგადასახადო მოთხოვნის, ამავე ინსპექციის 2008 წლის 28 მარტის ¹დ/167 ბრძანების, 2008 წლის 7 მარტის შემოწმების აქტისა და 2008 წლის 5 თებერვლის ¹03/გ/102 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-15; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ჩ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 154-172; ტ.II).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ჩ-ოვმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ფ. ჩ-ოვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, აპელანტმა ასევე იშუამდგომლა მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება (იხ. ს.ფ. 179-194; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ი/მ “...” სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.III).
2009 წლის 15 ოქტომბერს ფ. ჩ-ოვმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება ან საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 11; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ფ. ჩ-ოვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 17-18; ტ.III).
2009 წლის 11 დეკემბერს ფ. ჩ-ოვმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის პირობებში საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 35-36; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ფ. ჩ-ოვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ფ. ჩ-ოვს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 37-39; ტ.III).
2009 წლის 25 დეკემბერს ფ. ჩ-ოვის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება არანაკლებ 15 დღით, რადგან ვერ ხერხდებოდა მის მარწმუნებელთან დაკავშირება (იხ. ს.ფ. 42; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფ. ჩ-ოვის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და ფ. ჩ-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 368.5 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2009 წლის 21 დეკემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ იქნა გაგრძელებული საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რის გამოც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება (იხ. ს.ფ. 43-46; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ჩ-ოვის წარმომადგენელმა დ. ჯ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობის უქონლობის შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო აპელანტს ერთმევა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონებით გარანტირებული, დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის თანახმად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავა არაქონებრივია, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და არა აღნიშნული აქტებით დარიცხული თანხების ოდენობა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა სსსკ-ის 39.1 მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 150 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 58-60; ტ.III).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. ჩ-ოვის წარმომადგენლის – დ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ყველასათვის უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც თავისთავად მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასაც.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
კონსტიტუციის მე-7 მუხლით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ხოლო 42-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლის შესატყვისად სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებულია საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოები, როგორც ამ სტანდარტის შესრულების და დაცვის უზრუნველმყოფი ორგანოები, ვალდებულნი არიან ობიექტურად და მიუკერძოებულად განიხილონ ამგვარი შემთხვევები, რათა პირებს არ შეეზღუდოთ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საპროცესო სამართლის აღიარებულ დებულებას, რომ სარჩელი წარმოადგენს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებას.
სსსკ-ის V თავის ნორმების მიხედვით, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის დადგენილი ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ (გასაწევ) ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა.
ყველა სახელმწიფოს საპროცესო კანონმდებლობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან გადავადების შესაძლებლობას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამ შესაძლებლობას ადგენს 47-ე და 48-ე მუხლებით. კერძოდ, 47-ე მუხლი სასამართლოს უფლებას ანიჭებს მოქალაქე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან. 48-ე მუხლით კი გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მხარისათვის ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადება, ანდა მათი ოდენობის შემცირება. აღნიშნული შეღავათების არსებობა ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ გადაუხდელობამ, ანუ მატერიალურმა უსახსრობამ არ დააბრკოლოს და მხარეს არ წაართვას დარღვეული უფლების აღდგენისა და პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმით, წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვის საყოველთაო უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეების წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
სსსკ-ის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, სახელმწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ფ. ჩ-ოვს დაუდგინა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად 10-დღიან საპროცესო ვადაში დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1136,77 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 16 ოქტომბრისა და 14 დეკემბრის განჩინებებით სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა რა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, აპელანტს განუსაზღვრა დამატებით ვადა ხარვეზის შესავსებად. აპელანტმა ხარვეზი კვლავ არ შეავსო და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ასაპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტს არ წარუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სსსკ-ის 48-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, აპელანტმა წარადგინა 2009 წლის 23 ივლისსა და 12 ოქტომბერს შედგენილი აქტები, რომელთა თანახმად, ფ. ჩ-ოვს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, მისი მეუღლე არის უმუშევარი, ჰყავს სამი სკოლის ასაკის შვილი და არ გააჩნია არავითარი შემოსავალი (იხ. ს.ფ. 12-15; ტ.III). აღნიშნული აქტების ხელმომწერი ფიზიკური პირების ვინაობა გაურკვეველია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტები ხელმოწერილია ფიზიკური პირების მიერ, იგი ასევე ხელმოწერილი და დამოწმებულია ოფიციალურად, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ყიზილაჯლოს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის მიერ, რადგან რწმუნებულის მიერ დამოწმებულია მხოლოდ აქტზე ფიზიკური პირების ხელმოწერების ნამდვილობა და არა აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს წარდგენილი დოკუმენტების გადახდისუუნარობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიჩნევის შესახებ, რადგან აპელანტის მიერ გადახდისუუნარობის ფაქტის დასადასტურებლად მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ფ. ჩობანოვი და მისი მეუღლე არიან უმუშევრები, ჰყავთ სკოლის ასაკის შვილები, არ არის დადასტურებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტებით. ამასთან, მხოლოდ უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ ადასტურებს გადახდისუუნარობას, რადგან შესაძლებელია ოჯახს გააჩნდეს შემოსავალი სხვა წყაროებიდან, რომლის არ არსებობაც ასევე არ არის დადასტურებული კონკრეტულ შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აღნიშნულით დაირღვა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპი.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (გადაწყვეტილებაში _ საქმეზე ს/კ “...” საქართველოს წინააღმდეგ), დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარის თქმით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განავითარა მსჯელობა, რომ ბაჟის გადახდის აუცილებლობა საქმის განხილვის დასაწყებად, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა. უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
ამდენად, ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო გათავისუფლების ან გადავადების აუცილებლობა, იგი უთითებს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან კიდევ ერთხელ დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრით მიეცა მხარისათვის შესაძლებლობა აღმოეფხვრა ხარვეზი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც ფ. ჩ-ოვის წარმომადგენლის – დ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჩ-ოვის წარმომადგენლის – დ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.