ბს-951-925(კს-10) 7 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2) სსიპ შემოსავლები სამსახური; 3) თბილისის რეგიონული ცენტრი
მესამე პირები _ 1) შპს “...”; 2) შპს “...”; 3) შპს “...”; 4) შპს “...”
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 14 დეკემბერს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ 2006 წლის 18 აგვისტოს ¹ა/ფ64 საგადასახადო მოთხოვნის; საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ¹1/230.25.10.06 საგადასახადო შეტყობინების; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 18 თებერვლის ¹ქ/35 ბრძანების; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 9 ნოემბრის ¹7597 ბრძანების; თბილისის სააგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹05/410 საგადასახადო მოთხოვნის; სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 2006 წლის 2 აგვისტოს აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, თბილისის საგადასახადო ინპექციის მიერ მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის - 33 267 ლარის აღდგენა და მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განჩინებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნები საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ¹1/230.25.10.06 საგადასახადო შეტყობინების, სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 2006 წლის 2 აგვისტოს აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 18 აგვისტოს ¹ა/ფ64 საგადასახადო მოთხოვნა; თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹05/410 საგადასახადო დავალება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 9 ნოემბრის ¹7597 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 18 თებერვლის ¹ქ/35 ბრძანება; მოპასუხეებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალათ მიმწოდებლის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, რომლითაც შპს “...” გაუუქმდა დღგ-ს ჩათვლები სერია ბბ-03 ¹147737, სერია ბბ-03 ¹147723, სერია ბბ-03 ¹138812, სერია ბბ-03 ¹186077, სერია ბბ-03 ¹138813, სერია ბბ-03 ¹147695, სერია ბბ-03 ¹147694, სერია ბბ-03 ¹138784, სერია ბბ-03 ¹138776 დღგ-ს გაუქმების, ჯარიმის დარიცხვისა და შპს “...” საბანკო ანგარიშებზე 107 956 ლარის ფარგლებში ს/ს “...” შპს “...” ანგარიშსწორების ანგარიშზე ¹... ყადაღის დადების შესახებ.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მთლიანად გათავისუფლებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს “...” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მთლიანად გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით შპს “...” 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალები არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2010 წლის 24 მაისს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 7 _ დღიანი ვადა 2010 წლის 31 მაისს 24 საათზე ამოიწურა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან 2010 წლის 28 მაისს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, 2007, 2008 და 2009 წლის მოგებისა და ქონების საგადასახადო ინსპექციის მიერ დამოწმებული დეკლარაციები. ასევე, ითხოვა სასამართლოს მიეთითებინა, კონკრეტულად რა მტკიცებულების წარდგენა იყო აუცილებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს “...” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მთლიანად გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და შპს “...” ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 7 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 30 აპრილს და 5 მაისს შპს “...” განცხადებებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით შპს “...” 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინების ასლი შპს “...” დირექტორს _ ზ. ე-იას 2010 წლის 24 მაისს ჩაბარდა (ტ. III, ს.ფ. 41).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინების ასლი შპს “...” დირექტორს _ ზ. ე-იას 2010 წლის 24 მაისს ჩაბარდა (ტ. III, ს.ფ. 41), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 25 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 2010 წლის 31 მაისს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტ. III, ს.ფ. 38). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2010 წლის 28 მაისს განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენის ფაქტი, აპელანტის მიერ ხარვეზის ვადაში შევსების საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან, აღნიშნული განცხადებით, შპს “...” ხარვეზის შევსებულად ჩათვლა ან სასამართლოს მიერ წარსადგენი მტკიცებულებების განსაზღვრა მოითხოვა (ტ. III, ს.ფ. 42), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი მას არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სრულად განთავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.