ბ-1162-10(ა-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინების გაუქმების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.10.წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ¹70 საჯარო სკოლის დირექტორის გ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.09.წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ¹70 საჯარო სკოლის დირექტორის გ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 20.06.07.წ. ¹16-01-10/7573 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს 06.08.07.წ. ¹05-04/8234 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 22.02.10.წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილია 29.03.10.წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
23.06.10.წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მოთხოვნით.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.01.10.წ გადაწყვეტილება 22.02.10.წ. ჩაბარდა. განმცხადებელი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს Gგანჩინებაში მითითებას იმაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 29.03.10.წ., განმცხადებელი თვლის, რომ სასამართლოს ეს მითითება არასწორია, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ ეს განჩინება გაასაჩივრა 22.03.10.წ., ერთთვიანი ვადის დაცვით, რასაც აგრეთვე ადასტურებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი “მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹14 რეესტრის ამონაწერი” და შპს “...”-ს შეტყობინება გზავნილის ჩაბარების თაობაზე.
განმცხადებელი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად: “საპროცესო მოქმედება რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სააათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება”. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად: “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვიდ დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამცხადებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას საქმეზე ¹ბს- 383-371(3კ-10).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.10.წ. გადაწყვეტილების ასლი 22.02.10.წ. გადაეცა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 29.03.10წ. გატარდა რეგისტრაციაში. განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს “...” მიღებული კორესპონდენციის შესახებ ¹14 რეესტრით დასტურდება, რომ თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაგზავნად საკასაციო საჩივარი ფოსტას 22.03.10.წ. ჩაჰბარდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინება და საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წამოებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე და 403-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში;