Facebook Twitter

ბს-1189-11(ა-10) 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სპს “...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ბს-1106-1062(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 1 დეკემბერს სპს “...” დირექტორმა უ. ს-ძემ განცხადებით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ბს-1106-1062(კ-09) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

სპს “...” საკასაციო საჩივარი იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში. საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით სპს “...” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. 2010 წლის 8 თებერვალს საკასაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც სპს “...” განცხადების საფუძველზე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმეზე განახლდა წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განჩინებით სპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, რამდენადაც საკასაციო სასამართლომ ის მიიჩნია დაუშვებლად საკასაციო საჩივარი, რომ არ უმსჯელია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. საკასაციო სასამართლოს ჯერ უნდა გადაეწყვიტა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და მხოლოდ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ ემსჯელა საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სპს “...” დირექტორმა უ. ს-ძემ, რომლითაც მოითხოვა მოსამართლის აცილება.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით სპს “...” დირექტორის უ. ს-ძის განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით, სპს “...” დირექტორის უ. ს-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამომცემლობა სპს “...” დირექტორის უ. ს-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ბს-1106-1062(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ისე იმსჯელა სპს “...” დირექტორის უ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომ არ იმსჯელა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ სპს “...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში /იხ.ს.ფ. 44/; საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით სპს “...” განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმეზე განახლდა წარმოება /იხ.ს.ფ. 31-55/; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით სპს “...” საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად /იხ.ს.ფ. 56-57/, ხოლო სპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შემოწმდა 2010 წლის 10 მაისს, ანუ საკასაციო სასამამართლომ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობა _ მიიღო საკასაციო საჩივარი წარმოებაში და მხოლოდ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ იმსჯელა საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში მითითებული პროცესუალური დარღვევა არ ჰპოვებს დადასტურებას საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც განცხადება არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ განჩინების გაუქმებისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სპს “...” განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს “...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის ბს-1106-1062(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.