ბ-1247-12(ა-10) 2 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კოოპერატივ “...”ის გამგეობის თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კოოპერატივ “...”ის გამგეობის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 3 მაისის განჩინებით კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ განჩინება (ხარვეზის მითითების თაობაზე) კასატორს ჩაბარდა 2010 წლის 9 აპრილს, განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2010 წლის 14 აპრილს, მაშინ, როცა კასატორმა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე საქართველოს ფოსტის გორის ფილიალს ჩააბარა 2010 წლის 19 აპრილს.
განმცხადებლის მითითებით, განჩინებაში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას, რამდენადაც შპს “...” 01.06.10 წლის ¹9 ცნობის თანახმად, შეკვეთილი წერილი ¹259 2010 წლის 9 აპრილს დამისამართებული კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის სახელზე ადრესადს ჩაბარდა 2010 წლის 18 აპრილს. აღნიშნული წერილის მიღებიდან მეორე დღეს, კასატორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით და განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩააბარა საქართველოს ფოსტის გორის ფილიალს, რაც დასტურდება ფოსტის მიერ გაცემული ცნობებით. ამდენად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კოოპერატივ “-” გამგეობის თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, რამდენადაც შპს “...” 01.06.10 წლის ¹9 ცნობის თანახმად, შეკვეთილი წერილი ¹259 2010 წლის 9 აპრილს დამისამართებული კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის სახელზე ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 18 აპრილს. აღნიშნული წერილის მიღებიდან მეორე დღეს, კასატორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით და განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩააბარა საქართველოს ფოსტის გორის ფილიალს, რაც დასტურდება ფოსტის მიერ გაცემული ცნობით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს, რამდენადაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი “ქარელის ფოსტის” 01.06.10 წლის ¹9 ცნობით დასტურდება, რომ შეკვეთილი წერილი ¹259 2010 წლის 9 აპრილს დამისამართებული კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის სახელზე ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 18 აპრილს, ვინაიდან ოპერატორ-ფოსტალიონის განმარტებით წერილის ადრესატი მოიძებნა დაგვიანებით.
ზემომითითებული გარემოების გადამოწმების მიზნით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა შპს “საქართველოს ფოსტას”, რომლითაც ცდომილების დავიდან აცილების მიზნით მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, როდის ჩაბარდა ადრესატს _ ზ. ზ-შვილს შეკვეთილი წერილი. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, თუ რის საფუძველზე მოხდა ცდომილება საქმეში არსებულ შეკვეთილი წერილის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებასა და შპს “... ფოსტის” უფროსის მიერ გაცემულ ცნობას შორის.
2010 წლის 1 დეკემბერს შპს “საქართველოს ფოსტიდან” შემოსული პასუხის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 7 აპრილს გაგზავნილი შეკვეთილი წერილი ¹259 ფოსტალიონის მიერ გაფორმდა ჩაბარებულად 09.04.10წ იმ იმედით, რომ წერილის ჩაბარებას ადრესატისათვის შეძლებდა იმავე დღესვე, თუმცა მან ეს ვერ შეძლო და წერილი ადრესატს მხოლოდ 2010 წლის 18 აპრილს ჩააბარა, თუმცა ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულის დასადასტურებლად თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე “... ფოსტის” უფროსმა გასცა ცნობა წერილის ადრესატისათვის 2010 წლის 18 აპრილს ჩაბარების თაობაზე. ამასთან, მტკიცებულების გარეშე ცნობის გაცემისათვის “... ფოსტის” უფროსს მალხაზ გელუტაშვილს შპს “საქართველოს ფოსტის” 2010 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო დაქვემდებარების მიხედვით, მასვე დაევალა ფოსტალიონისათვის მკაცრი დისციპლინური სასჯელის დადება.
ზემომითითებული მტკიცებულების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის მიერ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოდგენილია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის განცხადება შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კოოპერატივ “...ს” გამგეობის თავმჯდომარის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის ბს-413-400(კ-10) განჩინება კოოპერატივ “...” გამგეობის თავმჯდომარის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.