Facebook Twitter

ბ-1378-13(ა-10) 25 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ჯ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 21 მარტს გ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მ. თ-ისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 12 თებერვლის ¹35 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 2-11; ტ.I).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. ბ-ე (იხ. ს.ფ. 106; ტ.I).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 175-176; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 183-196; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 12 თებერვლის ბრძანება გ. ბ-ისათვის საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 163-172; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (იხ. ს.ფ. 191-215; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 339-348; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 86-99; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 116-126; ტ.III).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 144-150; ტ.III).

2010 წლის 22 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს გ. ჯ-ემ და შ. კ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (იხ. ს.ფ. 2-8; ტ.IV).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. ჯ-ისა და შ. კ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ეჭვს იწვევდა მტკიცებულების _ საფოსტო შეტყობინების, კერძოდ, მასზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, რომელსაც დაეყრდნო საკასაციო სასამართლო 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გამოტანისას, მაგრამ განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულება _ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მისივე მითითების შესაბამისად, დადგინდებოდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინების ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე გ. ჯ-ის წარმომადგენლის _ ა. თ-ის ხელმოწერის სიყალბე.

წარმოდგენილი განცხადება ასევე არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის მოთხოვნას, რის გამოც განმცხადებელს დაევალა დაეზუსტებინა _ ითხოვდა განჩინების ბათილად ცნობას, თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებას. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად განმცხადებლებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 19-21).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2010 წლის 17 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს გ. ჯ-ემ და შ. კ-მა.

განმცხადებლებმა დააზუსტეს მოთხოვნა, კერძოდ, გ. ჯ-ემ მოითხოვა სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საფოსტო შეტყობინებაზე წარმომადგენელ ა. თ-ის ხელმოწერა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების 2010 წლის 15 თებერვალს ჩაბარების შესახებ არის ყალბი და არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ განმცხადებლის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა ვერ შესძლო დროის სიმცირის გამო და იშუამდგომლა სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად.

განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს სსსკ-ის 422.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასაამრთლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ შ. კ-ი, რომელიც ჩაბმული უნდა ყოფილიყო მხარედ მოცემულ საქმეში, არ იყო მოწვეული საქმის განხილვისას. განმცხადებელთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა შ. კ-ს, რადგან იგი გ. ჯ-ესა და აწ გარდაცვლილ ნ. კ-თან ერთად ირიცხებოდა სადავო ბინაში, რომელიც სადავო აქტების საფუძველზე საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა მოპასუხე გ. ბ-ეს (იხ. ს.ფ. 24-30).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელთა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და განმცხადებლებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 20 დღით ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 46-49).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლებს სასამართლოს ინიციატივით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 10 დღით, იმ მოტივით, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით არ დასტურდებოდა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინების სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტი (იხ. ს.ფ. 53-57).

2010 წლის 10 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს გ. ჯ-ემ და შ. კ-მა, გ. ჯ-ემ იშუამდგომლა სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შესძლო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, რამდენადაც სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა გამოსაკვლევი დოკუმენტის დედანი, რომელიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი. შესაბამისად, აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის ესაჭიროება დრო.

განმცხადებელმა – შ. კ-მა დააზუსტა მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 75-79).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებებით გ. ჯ-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 81-85), ხოლო შ. კ-ის განცხადება დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 81-91).

2011 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ჯ-ემ და იშუამდგომლა სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 96-97).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადებლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებელს _ გ. ჯ-ეს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელდა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით – 20 დღით, 12 ნოემბრისა და 20 დეკემბრის განჩინებებით 10-10 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელ გ. ჯ-ემ ხარვეზი არ შეევსო და არ წარმოადგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება _ საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის შუამდგომლობას საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, იმ მოტივით, რომ განმცხადებელს სჭირდება დრო ექპსერტიზის დასკვნის მისაღებად. განმცხადებელს არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა, შესაბამისად, საკმარისი დრო ჰქონდა მოეპოვებინა სათანადო დოკუმენტები და მიემართა საექსპერტო დაწესებულებისათვის. საქმეში წაროდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2010 წლის 24 აგვისტოს წერილის თანახმად, გ. ჯ-ის ადვოკატმა 2010 წლის 20 აგვისტოს მიმართა ხელწერის ექსპერტიზის ჩასატარებლად. ამ მიზნით, ექპერტიზის ბიურომ განმცხადებელს მოსთხოვა კვლევისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა. განმცხადებელი საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვს იმ მოტივით, რომ დოკუმენტების ექსპერტისთვის წარსადგენად სჭირდება დრო, რადგან გამოსაკვლევი დოკუმენტის დედანი არის საქმეში, რომელიც გადმოგზავნილია საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის არგუმენტს, რამდენადაც ამ დროის განმავლობაში, რაც განესაზღვრა განმცხადებელ გ. ჯ-ეს ხარვეზის შესავსებად, არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის საქმიდან დოკუმენტის დედნის მისაღებად, შესაბამისად, არც ექსპერტისთვის წარუდგენია სათანადო დოკუმენტები, ანუ არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება ექსპერტიზის დასკვნის მოსაპოვებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.