ბს-1533-15(ა-10) 25 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
განმცხადებელი _ მ. ჩ-ძე, წარმომადგენელი ვ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ი. გ-შვილი, წარმომადგენელი მ. ჩ-იანი; 2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წარმომადგენელი ვ. ბ-შვილი; 3. ქ. თბილისის საკრებულო, წარმომადგენელი არ გამოცხადდა; 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ვ. ზ-შვილი
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 4 ივლისს ი. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ჩ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 29 აპრილის ¹429 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება 2008 წლის 5 მაისს მ. ჩ-ძის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.I).
2008 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად მიუთითა ქ. თბილისის საკრებულო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირად _ მ. ჩ-ძე და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 29 აპრილის ¹429 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება 2008 წლის 5 მაისს მ. ჩ-ძის სახელზე განხორციელებული ¹... რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; სარეგისტრაციო ზონა _ ..., კოდი _ ... სექტორი _ ... ¹01 კვარტლის ¹..., 1173 კვ.მ ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 55-65; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე _ ქ. თბილისის საკრებულო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიით (იხ. ს.ფ. 91-92; ტ.I).
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ძირითად მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა საკუთრების უფლების ¹429 მოწმობის თანამდევი შედეგების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ.171; ტ.I).
ი. გ-შვილის სარჩელი არ ცნეს მოპასუხემ და მესამე პირმა და უსაფუძვლობის გამო მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 170-174; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 175-180; ტ.I).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 188-197; ტ.I).
ი. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – მ. ჩ-ძემ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 37-44; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ქ. თბილისის საკრებულო (იხ. ს.ფ. 65-68; ტ.II).
ი. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულომ (იხ. ს.ფ. 89-95; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ი. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 აპრილის სხდომის ¹15 გადაწყვეტილება მ. ჩ-ძისათვის სანერგე მეურნეობა «...» 1173 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2008 წლის 29 აპრილის საკუთრების უფლების ¹429 მოწმობა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 29 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გაკეთებული საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერი (იხ. ს.ფ. 127-138; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მ. ჩ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 159-168; 169-182; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რომლითაც ი. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 აპრილის სხდომის ¹15 გადაწყვეტილება მ. ჩ-ძისათვის სანერგე მეურნეობა «...» 1173 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2008 წლის 29 აპრილის საკუთრების უფლების ¹429 მოწმობა, ასევე, თბილისის საკრებულოს 2008 წლის 29 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 371-394; ტ.II).
2010 წლის 11 აგვისტოს მ. ჩ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივით:
მ. ჩ-ძემ 2010 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საიდანაც მიიღო შეტყობინება, რომ სხდომა გაიმართებოდა 2010 წლის 23 ივლისს. კომისიამ გამართულ სხდომაზე არ გამოიკვლია და შეისწავლა სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები.
საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვისას მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იყო წინააღმდეგობრივი, არასაკმარისი და კომისიას დაევალა დაედგინა სინამდვილეს შეესაბამებოდა თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ. ჩ-ძის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღრიცხული და ი. გ-შვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა დადასტურებული იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის მიერ, რაც აიხსნა იმ გარემოებით, რომ ი. გ-შვილის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას წარდგენილი ხელით შესრულებული აზომვითი ნახაზი და მოგვიანებით წარდგენილი ელექტრონული ვერსია ეხებოდა ერთსა და იმავე ნაკვეთს.
2010 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღო პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ბ-ძის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნაკვეთს არ ესაზღვრება ნაკვეთი კოდით ..., რომელიც იყო სადავო გ-შვილსა და ჩ-ძეს შორის და იგი სხვა კვარტალშია, ხოლო ¹... ნაკვეთის საკადასტრო რუკის გადმოცემის შესახებ მოთხოვნაზე სარეგისტრაციო სამსახურისაგან მ. ჩ-ძეს ეცნობა, რომ ვინაიდან არ იყო წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია სჰპ
ფაილ ფორმატში, UთM კოორდინატების მითითებით, პირველ რიგში უნდა მომხდარიყო რეგისტრირებული ¹... ნაკვეთის ცვილლებების რეგისტრაცია (კოორდინატებისა და ფართის დაზუსტება), რის შემდეგაც იქნებოდა შესაძლებელი აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება და გაცემა.
სარეგისტრაციო სამსახურიდან მ. ჩ-ძეს ეცნობა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., რომელიც დარეგისტრირდა 2007 წლის 2 მაისს. აღნიშნულ ნაკვეთამდე მის სახელზე 2007 წლის 6 მარტს დარეგისტრირდა ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., რომლის ნაწილის გასხვისების შედეგად წარმოიშვა ... ნაკვეთი. ნაკვეთის პირველი მესაკუთრე იყო მ. ნ-ძე, რომელსაც ფართი გაფორმებული ჰქონდა 2001 წლის 30 ივლისის ¹20 იჯარის ხელშეკრულებით, 2001 წლის 31 ივლისს დარეგისტრირდა კოდით ..., შემდეგ კი მასზე გაიცა საკუთრების უფლებით მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დმადასტურებელი ¹16 ოქმი და დარეგისტრირდა 2006 წლის 7 თებერვალს. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ნ-ძესა და მყიდველებს _ მ. ბ-ძესა და ი. გ-შვილს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 0,30 ჰა, რომელიც გასხვისდა მ. ბ-ძეზე – 0,1 ჰა, ი. გ-შვილზე – 0,2 ჰა. ანუ მ. ნ-ძის ნაკვეთის გაყიდვით წარმოიშვა ორი მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები.
განმცხადებლის მითითებით, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურიდან მიღებულ ... პასუხს დართული ჰქონდა ... ნაკვეთის საკადასტრო რუკაც, საიდანაც ირკვევა, რომ ნაკვეთი ¹... რომელიც იყო ჩ-ძის საკუთრება, აღარ არსებობს. 2010 წლის 7 ივლისს ი. გ-შვილმა განცხადება შეიტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში, წარადგინა ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი კოდით ... და მოითხოვა უძრავ ნივთზე - ... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილება. საჯარო რეესტრმა 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დააკმაყოფილა და უფლება დაარეგისტრირა ანუ ცვლილება შეიტანა არა ... ნაკვეთის რეგისტრაციაში, არამედ ... ნაკვეთის რეგისტრაციაში, რომელიც დარეგისტრირებული იყო მ. ჩ-ძის სახელზე. როგორც ი. გ-შვილისათვის, ასევე საჯარო რეესტრისათვის ცნობილი იყო, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე რეგისტრაციის განხორციელება დაუშვებელი იყო.
განმცხადებლის მითითებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილი ინფორმაცია, რომ ი. გ-შვილის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას წარდგენილი ხელით შესრულებული აზომვითი ნახაზი და მოგვიანებით წარდგენილი ელექტრონული ვერსია ეხებოდა ერთსა და იმავე ნაკვეთს, არ შეესაბამება სინამდვილეს, მისი სიყალბე დადასტურდა 2010 წლის 26 ივლისს გაცემული ცნობით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც 2010 წლის 13 ივლისამდე არ არსებობდა და წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას თანახმად სსსკ-ის 423.1 მუხლის «ა» და «ვ» ქვეპუნქტებისა (იხ. ს.ფ. 405-410; ტ.II).
მ. ჩ-ძის განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარემ _ ი. გ-შვილმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 ივლისის ¹.... წერილის თანახმად, მ. ბ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ ესაზღვრება ი. გ-შვილის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები განუწყვეტლივ იცვლებიან და არც ერთი მესაკუთრე, რომლებმაც ნაკვეთები მ. ნ-ისაგან შეიძინეს, ი. გ-შვილის მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ აღარ არის, მ. ბ-ძემაც გაცვალა მიწის ნაკვეთი და გადავიდა სხვა სექტორში. აღნიშნულის შედეგად, მომიჯნავე ნაკვეთებზე იცვლება რა მესაკუთრეები, სარეგისტრაციო სამსახური ანიჭებს მიწის ნაკვეთებს ახალ საკადასტრო კოდებს. სხვადასხვა საკადასტრო კოდები და მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა არ დამთხვევა წარმოადგენს განმცხადებლის ერთადერთ არგუმენტს.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ყველა ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც შეეხება მ. ჩ-ძის საკუთრებას ანუ მოიხსნა ი. გ-შვილის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადაფარვა. სასამართლოს არ გაუუქმებია ი. გ-შვილის ნაკვეთის კანონიერი რეგისტრაცია კოდით ... და უკვე რეგისტრირებულ უფლებაზე მოახდინა ი. გ-შვილმა ცვლილების რეგისტრაცია. განხორციელდა საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიის რეგისტრაცია და ი. გ-შვილის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთს მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო კოდი _ ... ანუ საკადასტრო რუკის ხელით შესრულებული ნახაზის ვერსია შეიცვალა საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიით. აღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ მ. ჩ-ძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში (იხ. ს.ფ. 466-470; ტ.II).
მ. ჩ-ძის განცხადება არ გაიზიარა ასევე მოწინააღმდეგე მხარემ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... სარეგისტრაციო სამსახურში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იყო წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და არ იყო რეგისტრირებული დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ახალ კოორდინატთა სისტემაში, ცნობილი იყო და სადავოდ არ გამხდარა საქმის სასამართლოში განხილვისას. აღNიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის 2008 წლის 7 ივნისის ამონაწერით. დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით მიმართა ი. გ-შვილმა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რაზეც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ დგინდებოდა გადაფარვა ი. გ-შვილის მიერ აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ ...მიწის ნაკვეთს შორის, რაც გახდა ი. გ-შვილის მიერ სარჩელის აღძვრის საფუძველი.
მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დღემდე დაუზუსტებელია, ვინაიდან გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით განხორციელდა ი. გ-შვილის საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, ახალ სისტემაში დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები ... საკადასტრო კოდის მქონე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რის შედეგადაც აღნიშნული კოდი გაუქმდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი – ... (იხ. ს.ფ. 502-504; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის უცნობი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ამგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2010 წლის 26 ივლისს გაცემულ მიმართვაში ასახულ ინფორმაციას, რომ ვერ გაიცემოდა საკადასტრო რუკა მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ..., რომელიც 2007 წლის 2 მაისს სპორადული წესით დარეგისტრირებული იყო ი. გ-შვილის სახელზე, რადგან არ იყო წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია. პირველ რიგში უნდა მომხდარიყო რეგისტრირებული ... ნაკვეთის ცვლილების რეგისტრაცია (კოორდინატების და ფართის დაზუსტება), რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა ნაკვეთის საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება და გაცემა. ანუ განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ჩ-ძის სახელზე 2008 წლის 8 მაისს დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... და ი. გ-შვილის სახელზე 2007 წლის 2 მაისს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... სრულიად სხვადასხვა ნაკვეთებია, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებამდე და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ი. გ-შვილის განცხადების საფუძველზე განხორციელდა მის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია 2010 წლის 13 ივლისს, ხოლო 2010 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრიდან მიღებული მიმართვით რეესტრის სამსახურმა დაადასტურა, რომ ... მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ არ ყოფილა ელ. ვერსია წარდგენილი და არ განხორციელებულა ცვლილების რეგისტრაცია.
ამდენად, განცხადებელმა აღნიშნული ფაქტი მიიჩნია იმგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლითაც გამოირკვა და დადასტურდა საქმის განხილვისას სადავო ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთები იყო სხვადასხვა და არ ფარავდა ერთმანეთს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მ. ჩინჩალაძის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო გეგმითა და საჯარო რეესტრის 2010 წლის 13 ივლისის ამონაწერით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის _ საკადასტრო კოდით ..., რომელიც უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შედეგად აღირიცხა ი. გ-შვილის საკუთრებად საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წინა რეგისტრაციის ნომერს წარმოადგენდა სწორედ ... .
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განცხადებლის მითითებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2010 წლის 26 ივლისს გაცემულ მიმართვაზე, რამდენადაც მასში ასახული ინფორმაციის უზუსტობა დადასტურებულია წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელთათვის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ არ გამხდარა ცნობილი ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად, შექმნიდა საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ წინაპირობას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.