Facebook Twitter

ბ-1587-16(ა-10) 18 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. გ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ბს-1582-1511(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1582-1511(კ-09) მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

დ. გ-შვილმა განცხადებით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ბს-1582-1511(კ-09) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, მან საკასაციო საჩივართან ერთად დანართის სახით საკასაციო სასამართლოში წარმოადგინდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც საქმიდან ამოღებულია. ამდენად, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივართან ერთად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა მნიშვნელოვანი მტკიცებულების გარეშე, ხოლო ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად სასამართლო საქმეზე მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. მითითებულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სახეზე იყო სსსკ-ის 426.1 მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ბს-1582-1511(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მან საკასაციო საჩივართან ერთად დანართის სახით წარადგინდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ასლი, რომელიც საქმიდან ამოღებულია. ამდენად, საკასაციო სასამართლომ ისე განიხილა დ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივართან ერთად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც მართალია, მხარემ საკასაციო საჩივართან ერთად დანართის სახით წარადგინა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ასლი, რომელიც საქმეში არ მოიპოვება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს იმ მტკიცებულების სახეს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის შემოწმება კანონით დადგენილი ნორმების შემადგენლობის ნიშნებთან, ანუ იურიდიული კვალიფიკაციის მოხდენა სწორედ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტების მოძიება, შეფასება და განმარტება სწორედ სასამართლოს სამოქმედო სფეროს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მხარეებს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რა მტკიცებულებები დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნასა თუ შესაგებელს, მაგრამ დავის სამართლებრივ შეფასებას, იმ გარემოებისგან დამოუკიდებელად, მხარემ წარადგინა თუ არა (აღსანიშნავია, რომ მხარეს ნორმატიული აქტის ასლის წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის უფლებამოსილებას განეკუთვნება) ნორმატიული აქტის ასლი, სასამართლო ვალდებულია მოიძიოს და შეამოწმოს, თუ რამდენად საფუძვლიანია მხარის მოთხოვნა საერთაშორისო თუ შიდანორმატიულ სამართალთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტის ასლი არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლის არსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რამდენადაც საკასაციო სასამართლომ დ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას მისი შესაბამისობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილთან შეამოწმობა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში, პროცესუალური დარღვევის არსებობა/არარსებობის გათვალისწინებით და სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მიიღო განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ განჩინების გაუქმებისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ-შვილის განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის ბს-1582-1511(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.