ბ-1596-17(ა-10) 25 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლოს დასკვნით სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურ ცენტრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 16 აპრილს (ს.ფ. 35, ტ. II), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 19 მაისს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება და შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით 2010 წლის 14 მაისს, ერთთვიანი ვადის დაცვით, რაც დასტურდებოდა განცხადებაზე თანდართული ახალციხის რეგიონალური ცენტრის წერილობითი კორესპოდენციის (გზავნილის) ჩაბარების ტაობაზე შპს “...”-ს რეესტრის ¹4 ამონაწერით, შესაბამისად მათ მიერ დაცულია სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა..
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ახალციხის რეგიონალურ ცენტრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2010 წლის 14 აპრილს (იხ.ს.ფ. 33, ტ. II). აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება _ შპს “...” შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ ადასტურებს, რომ ადრესატს შეტყობინება ჩაჰბარდა 2010 წლის 16 აპრილს, გზავნილი ხელმოწერილია ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ და მასზე დასმულია ადმინისტრაციული ორგანოს _ შემოსავლების სამსახურის ბეჭედი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 19 მაისს (იხ.ს.ფ. 36, ტ. II). საკასაციო საჩივარს დართული აქვს კონვერტი, თუმცა მასზე არ არის აღნიშნული თარიღი და არ არის დასმული ფოსტის ბეჭედი.
საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული “საფოსტო წესების” 43-ე პუნქტის თანახმად, კალენდარული შტემპელი განკუთვნილია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე, ქვითრებზე, საბუთებზე ადგილის, თარიღისა და ჩაბარების საათის აღნიშვნისათვის, რაც კონრეტულ შემთხვევაში ახალციხის რეგიონალური ცენტრის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარზე არ არის დაცული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა საკასაციო საკასაციო საჩივარი წარადგინა არა ფოსტის მეშვეობით, არამედ უშუალოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო პალატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრის პირველ გვერდზე დასმული შტამპით დადგენილად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჩაჰბარდა 2010 წლის 19 მაისს (ს.ფ. 35, ტ. II). საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურ ცენტრს 16 მაისის ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 19 მაისს წარადგინა, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ თვიანი ვადის დარღვევით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს არ წარმოუდგენია სსკ-ის 61.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის ფოსტისათვის 2010 წლის 14 მაისს ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ რეესტრი ¹4 ეჭვს იწვევს, რადგან მტკიცებულება წარმოდგენილია ასლის სახით, მასზე არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი (დედნის სახით), ისინი არის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დასმულ ბეჭედს. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე 2010 წლის 20 ოქტომბერს ტელეფონით დაუკავშირდა სსიპ შემოსავლების სამსახურის იურისტს _ გ. კ-ძეს, რომელსაც დაევალა წარმოედგინა რეესტრი ¹4 ასლის დედანი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესრულდა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 103-ე მუხლით გათვალისიწნებული მტკიცებულების დედნის სახით წარმოდგენა (იხ.ს.ფ. აქტი). შესაბამისად, ასლის სახით წარმოდგენილი რეესტრი ¹4, რომელითაც გაურკვეველია, კასატორმა როდის ჩააბარა ფოსტას საკასაციო საჩივრის ასლი, ასევე გაურკვეველია სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე იქნა თუ არა წარდგენილი საკასაციო საჩივარი, ანუ რომელ საქმეზე იქნა წარდგენილი საკასაციო საჩივარი, ვერ შეცვლის საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით დამდგარ შედეგს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულება თავისთავად არ ადასტურებს ფოსტისთვის საკასაციო საჩივრის 2010 წლის 16 მაისს _ კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ ერთ თვიან ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.