Facebook Twitter

ბ-1850-18(ა-10) 3 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის ¹ბს-382-370(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს ,,...”ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

2010 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს ,,...”ის მიერ შემოტანილ იქნა კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...”ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე; კერძოდ შპს ,,...”ას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების მოთხოვნით (იმ შემთხვევაში, თუ ის საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმებას მოითხოვდა ამ საფუძვლით). ზემოაღნიშნული განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მას ასევე უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მის მიერ გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2010 წლის 15 ნოემბერს შპს ,,...”ის გენ. დირექტორმა შემოიტანა განცხადება და მოითხოვა, რომ მის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი სასამართლოს განეხილა როგორც განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან ასევე მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით შპს ,,...”ის გენ. დირექტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შპს ,,...”ას დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2010 წლის 29 ნოემბერს შპს ,,...”ის გენ. დირექტორმა შემოიტანა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს ,,...”ას განცხადებაში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2010 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, განმცხადებლისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 23 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 29 ნოემბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის განმცხადებელმა ხარვეზი არ შეავსო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან განმცხადებელმა შპს ,,...”ამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,...”ის გენ. დირექტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის (სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ) დაკმაყოფილებაზე და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს ,,...”ის გენ. დირექტორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 50 (ორმოცდაათი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...”ის გენ. დირექტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განუხილველი დარჩეს შპს ,,...”ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის ¹ბს- 82-370(კ-10) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე;

3. შპს ,,...”ის გენ. დირექტორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;