Facebook Twitter

ბ-186-3(ა-10) 23 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹ბს-1333-1275 (კ-09) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შპს ,,...’’ განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...’’ დირექტორმა ნ. შ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი შპს ,,...’’ დირექტორს _ ნ. ს-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 12 ნოემბერს.

შპს ,,...’’ დირექტორმა ნ. ს-ძემ 2009 წლის 13 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ შპს ,,...’’ ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს და საბანკო ანგარიშებზე თანხა არ გააჩნია. შესაბამისად, კასატორს არ გააჩნია თანხა რომლითაც შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს _ შპს ,,...’’ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 2 ნოემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა 2009 წლის 12 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო მხარის მიერ განცხადება, კონვერზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2009 წლის 13 ნოემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2010 წლის 2 თებერვალს შპს ,,...’’ დირექტორმა _ ნ. ს-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 4 ნოემბერს, ვინაიდან მხარის განმარტებით, იგი 2009 წლის 2 ნოემბერს იმყოფებოდა აზერბაიჯანში და საქართველოში დაბრუნდა 2009 წლის 4 ნოემბერს, რაც დასტურდებოდა საზღვრის გადმოკვეთის დროს პასპორტში ჩარტყმული ბეჭდით. შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 14 ნოემბერს ამოეწურა. აღნიშნულ გარემოებათა გამო, მხარემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹ბს-1333-1275(კ-09) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს ,,...’’ განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და მხარეს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2010 წლის 12 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. შპს ,,...’’ განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2010 წლის 12 თებერვლის განჩინება შპს ,,...’’ დირექტორს _ ნ. ს-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 22 თებერვალს. შესაბამისად, შპს ,,...’’ ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 4 მარტს. მხარეს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹ბს-1333-1275(კ-09) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს ,,...’’ განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხდება აღარ დაიშვება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 425-ე მუხლებისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹ბს-1333-1275(კ-09) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს ,,...’’ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 425-ე მუხლების, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹ბს-1333-1275(კ-09) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ ცნობის თაობაზე შპს ,,...’’ განცხადება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.