Facebook Twitter
ბ-2402-20 (ა-10) 26 იანვარი, 2011წ

ბ-2402-20 (ა-10) 26 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.10 წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 19.11.10 წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.10წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10 წ. გადაწყვეტილება კასატორს ჩაჰბარდა 18.10.10 წ., ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიაში 19.11.10წ. წარადგინა, რითაც 1 დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი შემოტანილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

21.12.10 წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.10 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.09.10 წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა 17.11.10 წ., ერთთვიანი ვადის დაცვით. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ რეესტრის 17.11.10 წ. ¹178 ამონაწერით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფოსტას 17.11.10 წ. ჩაბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით მის მიერ არ არის დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის განჩინების გამოტანისას ცნობილი იქნებოდა აღნიშნული გარემოების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 5.01.11 წ. განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.09.10 წ. გადაწყვეტილება 18.10.10 წ. გადაეცა (ტ. 2. ს.ფ. 174). თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 19.11.10 წ. შესულ სამინისტროს მიმართვას, რომელსაც თან ერთვოდა საკასაციო საჩივარი (ტ. 2. ს.ფ. 189-199), მინიჭებული აქვს 08-01/17409 ნომერი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე თანდართული «მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ» 17.11.10 წ. ¹178 რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ¹08-01/17409 შეკვეთილი წერილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროდან იგზავნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. შპს «...»-ს «გზავნილების ჩაბარების შესახებ» შეტყობინების ¹000391942 ბარათით დგინდება, რომ გზავნილი (17.11.10 წ. ¹178 რეესტრი) 19.11.10 წ. წარდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით. გარდა ამისა, შპს «...»-ს 25.01.11 წ. წერილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნი გზავნილი ¹178 რეესტრით შპს «...»-ში 17.11.10 წ. შევიდა.

ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.10 წ. გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანა. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10 წ. განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.10 წ. განჩინება;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.