ბ-2520-25(ა-09) 14 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი _ შპს “...” დირექტორი მ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹ბს-1139-1086(კ-09) განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება შპს “...” საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 30 ივნისს (ს.ფ. 62), საკასაციო საჩივარი კი შპს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 31 ივლისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 2009 წლის 30 ივლისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
2009 წლის 5 ოქტომბერს შპს “...” დირექტორმა _ მ. კ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ჩაბარდეს მხარეებს, აღნიშნულ შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის გასაჩივრებული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 2 ივლისს. კასატორი მხარის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ საფოსტო გზავნილი კურიერის მეშვეობით ჩაბარდა ვინმე თ. ბ-ძეს. აღნიშნული პირი არ არის შპს “...” თანამშრომელი და იგი არ იყო უფლებამოსილი მიეღო საფოსტო გზავნილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე, რომლის ათვლაც მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან იწყება. განსახილველ შემთხვევაში მხარეს წარმოადგენდა შპს “...”, რომლის თანამშრომელი არ იყო თ. ბ-ძე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინების მისთვის ჩაბარება არ ნიშნავდა აღნიშნული განჩინების მხარისათვის ჩაბარებას.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მხარემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹ბს-1139-1086(კ-09) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს “...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹ბს-1139-1086(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა 2010 წლის 14 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შპს “...” განცხადებას, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინაპირობა. იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს “...” დირექტორი _ მ. კ-შვილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹ბს-1139-1086(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივლისის განჩინების ასლი 2009 წლის 30 ივლისს ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს _ თ. ბ-ძეს, რომელიც შპს “...” დირექტორის მიერ 2009 წლის 27 ოქტომბერს გაცემული ¹12 ცნობის შესაბამისად, 2009 წლის მიმდინარე პერიოდში შპს “...” თანამშრომლად არ ირიცხებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივლისის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შპს “...” გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შპს “...” გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა თ. ბ-ძეს, ხოლო გზავნილის მიმღებმა პირმა ჩაიბარა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივლისის განჩინება, იკისრა ვალდებულება, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის, რაც თ. ბ-ძის მიერ შესრულებულ იქნა. აღნიშნულ გარემოებას მხარე სადავოდ არ ხდის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს არგუმენტს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს.
მართალია, წარმოდგენილია შპს “...” დირექტორის _ მ. კ-შვილის მიერ 2009 წლის 27 ოქტომბერს გაცემული ¹12 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ თ. ბ-ძე 2009 წლის მიმდინარე პერიოდში შპს “...” თანამშრომლად არ ირიცხება, მაგრამ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივლისის განჩინების ჩაბარების დროისათვის _ 2009 წლის 30 ივლისს აღნიშნული პირი არ ირიცხებოდა შპს “...” თანამშრომლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივლისის განჩინების ჩაბარება თ. ბ-ძისათვის ითვლება განჩინების შპს “...” ჩაბარებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹ბს-1139-1086(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს “...” განცხადება უსაფუძვლოა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” დირექტორის _ მ. კ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.