Facebook Twitter

ბ-262-4(ა-10) 22 თებერვალი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 11 თებერვალს შპს ,,...” განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინება და შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...” სასარჩელო განცხადება სოფ. ... მდებარე 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს ,,...” საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

განმცხადებლის მითითებით, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მოტივად მიჩნეულია შემდეგი გარემოებები: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული ¹120 დადგენილებით, გადაწყდა ,,...” მაგისტრალის გზის გასწვრივ განლაგებული ზოგიერთი შენობა-ნაგებობის ლიკვიდაცია და მესაკუთრეებზე შესაბამისი კომპენსაციის გაცემა. მათ შორის იყო შპს ,,...” საკუთრებაში არსებული შენობა-ნეგობობა და 4400 კვ.მ,. მიწის ნაკვეთი. ამის საფუძველზე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 2 ივლისის ¹65 დადგენილებით შპს ,,...”, ლიკვიდირებული შენობა-ნაგებობების საკომპენსაციოდ გადაეცა 1041 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში, ... ¹47-ში, ხოლო ქ. ბათუმის მერის 2004 წლის 23 აპრილის ¹63 განკარგულებით ჩამორთმეული მიწის საკომპენსაციოდ ამავე მისამართზე გადაეცა 1319 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შპს ,,...” სახელზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ,,მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, ... ¹47-ში მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი და ამავე დროს ითხოვს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენას, რომლის სანაცვლოდაც მიიღო ზემოხსენებული ქონება”. ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი საბუთი ადასტურებს უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას”, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შპს ,,...” მიმართებაში 1319 კვ.მ. მიწის მის საკუთრებად აღრიცხვის გამო.

შემდეგომ ქ. ბათუმის მერიის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ ქ. ბათუმში, ... ¹47-ში მდებარე 1319 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ირიცხებოდა შპს ,,...” საკუთრებად და რომელიც მას გადაეცა ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ... მდებარე 4400 კვ.მ. ჩამორთმეული მიწის საკომპენსაციოდ საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს (ქ. ბათუმის მერიის) სახელზე. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ისეთ გარემობას, რომელიც აღარ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა.

კონკრეტულ შემთხვევაში კი განმცხადებლის მითითებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, გაუქმდა საჯარო რეესტრში აღრიცხულ 1319 კვ.მ. მიწაზე მათი საკუთრების უფლება, რაზეც დაფუძნებულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და რაც წარმოადგენს საქმის განახლების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა გადაეცეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის შედეგად საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...” სარჩელი, არსებითად გადაწყვიტა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, რომლის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,...” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განხილულ უნდა იქნეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ, რის გამოც განცხადება მისი დასაშვებობის შემოწმების მიზნით უნდა გადაეგზავნოს მითითებულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გადაეგზავნოს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

'